დაბა ბახმაროს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური შეღავათებით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროს მოსახლეობაც ისარგებლებს“, – ბახმაროსთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მე-10 სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
საბჭომ. ასევე. მოისმინა ანგარიში 2018 წელს მოსახლეობის მიერ კანონის ფარგლებში მიღებული სოციალური შეღავათების შესახებ, რომელიც ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა წარადგინა.
კანონით გათვალისწინებული შეღავათებით, 2018 წლის განმავლობაში, ჯამურად, გაიცა 69 მილიონამდე ლარი, მათ შორის – საპენსიო ასაკს მიღწეულ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირებზე; სოციალური პაკეტის მიმღებ მაღალმთიანი დასახლების მცხოვრებლებზე; მაღალმთიან დასახლებაში დასაქმებულ სამედიცინო პერსონალზე; ყოველთვიური ფულადი დახმარების სახით „მთის კანონის” ამოქმედების შემდეგ დაბადებულ პირველ და მეორე ბავშვზე; მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლების პედაგოგებზე; მაღალმთიან დასახლებაში სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე მასწავლებლებსა და სპორტის სფეროში დასაქმებულ მწვრთნელებზე.

გარდა ამისა, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა 11 923-მა ოჯახმა მიიღო გაზრდილი ოდენობის საშეშე მერქანი, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე 84 000-ზე მეტ აბონენტს კი მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის 50% აუნაზღაურდა.
საბჭოს სხდომაზე, ასევე, განიხილეს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან 2019 წელს განსაზღვრული თანხების განაწილების პროექტი და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. დოკუმენტი მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების ინკლუზიური და მდგრადი განვითარების სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბებასა და საქართველოს მოქალაქეებისთვის თანასწორი შესაძლებლობების გაჩენას, ცხოვრების დონის გაუმჯობესებასა და ქვეყნის ტერიტორიის თანაბარი სოციალური და ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფას.
ამასთან, მთის განვითარების ეროვნულ საბჭოს შეემატა ორი ახალი წევრი – მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კახა ჟორჟოლიანი და აკადემიკოსი ავთანდილ არაბული, რომელიც საბჭოს მუშაობაში ექსპერტის სტატუსით ჩაერთვება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები