ეკატერინე გალდავამ სამშენებლო კომპანიებს რეგიონებში დაგეგმილი წყალმომარაგების პროექტები და ტენდერები გააცნო

0

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ საერთაშორისო სამშენებლო და ადგილობრივი კომპანიებისთვის ღია კარის დღე გამართა.
როგორც „კვირას“ უწყებიდან აცნობეს, კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ, მოადგილე ირაკლი ურუშაძესთან ერთად, კონტრაქტორებს სახელმწიფო ბიუჯეტით და საერთაშორისო დონორების მხრიდან დაფინანსებული 23 პროექტი და ტენდერების გამოსაცხადებელი ვადები გააცნო.
“მსგავსი ფორმატის შეხვედრა მუშაობის პროცესს კიდევ უფრო ეფექტურს გახდის. ჩვენ მოვიწვიეთ, როგორც საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც არიან ბაზარზე, ასევე ის ადგილობრივი კონტრაქტორები, რომლებიც მონაწილეობენ ტენდერებში. ქართულ კომპანიებს აქვთ უკვე საკმაოდ კარგი გამოცდილება დაგროვილი. ვიმედოვნებთ, რომ ბევრი ადგილობრივი კომპანია მიიღებს მონაწილეობას და ტენდერები წარმატებით ჩატარდება. მიუხედავად იმისა, რომ წყალმომარაგება – წყალარინების სფეროში ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა, ჩვენ ვგეგმავთ სამუშაო არეალის კიდევ უფრო გაფართოვებას და მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყებას. ამ პროექტებში ვგულისხმობ როგორც საპროექტო მომსახურებას, ასევე მშენებლობის ნაწილს”, – აღნიშნა ეკატერინე გალდავამ.
საინფორმაციო და ღია ფორმატის შეხვედრის მიზანია დაინტერესებულ სამშენებლო კომპანიებს მისცეს შესაძლებლობა, ტენდერის გამოცხადებამდე გაეცნონ პროექტების შესახებ ზოგად ინფორმაციას. კომპანიამ კონკურენტულ გარემოში უნდა უზრუნველყოს ღია და თანაბარი პირობები, რათა სატენდერო პროცედურები უფრო გამჭვირვალე და ეფექტიანი გახდეს.

კომენტარები

კომენტარი