„მთავარი მიზანია, კერძო ავტომობილების მკვეთრად შემცირება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარების გაზრდა“

ჩვენი მთავარი მიზანი კერძო ავტომობილების მკვეთრად შემცირება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარების მკვეთრად გაზრდაა, – ამის შესახებ მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მამუკა მუმლაძემ სატრანსპორტო პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა, პოლიტიკის ჯაჭვში წარმოდგენილი ბევრი მიმართულება ერთმანეთთანაა დაკავშირებული. მისი თქმით, ესაა ტაქსების რეფორმა, ავტობუსებისთვის გამოყოფილი ზოლები, ავტობუსების შეძენა, საათობრივ-ზონალური პარკირების შემოღება.
მანვე ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, თუ რას ითვალისწინებს დედაქალაქის ახალი გენგეგმა სატრანსპორტო დერეფნების მიმართულებით.
„გენგეგმამ რაც გააკეთა და ჩვენს სამსახურთან რაც ითანამშრომლა, ეს იყო კონკრეტული დერეფნების დარეზერვება, რომელსაც კვლევა სჭირდება. რაც დარეზერვდა კორიდორები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იყოს ავტობუსის სწრაფი ზოლებისთვის, ამასთან დაკავშირებით კომპანია „სისტრა“ ამთავრებს უკვე კვლევას. 2 თვეში წარმოდგენილი იქნება კონკრეტული დოკუმენტი, რომლის მიხედვით, ვადა მოგვეცემა მერიას და სტრუქტურული გადაწყვეტები იქნება საჭირო, ქუჩებზე კორექტირება იქნება შესატანი. ვადა იქნება საჭირო, რომ ჩვენ ამ პროექტის განხორციელების უზრუნველყოფა მოვახდინოთ. გენგეგმამ რაც გააკეთა, კარგი – დატოვა დერეფნები, დაარეზერვა, რასაც ვერავინ შეეხება, სანამ არ ჩატარდება დეტალური კვლევა. ეს არის ვთქვათ, კავშირები მტკვარზე, ერთი მონაკვეთი, რაც მე პირადად ძალიან მომწონს, მაგრამ კვლევა სჭირდება, ზემო ფონიჭალიდან რომელი გზაც ჩამოდის, შეიძლება ხიდით დაკავშირდეს მოსკოვის პროსპექტთან, შემდეგ ქეთევან წამებულის გამზირთან, შემდეგ კახეთის გზატკეცილთან. ეს დერეფანი აგვარიდებს დედაქალაქში ქვემო ქართლიდან ავტომობილების შემოდინებას და შესაბამისად, მარშრუტებს სხვა მხრივ გადავალაგებთ. ასევე მნიშვნელოვანია კორიდორი, რომელიც შეიძლება დაკავშირდეს ლუბლიანას ქუჩით და ეს ქუჩა შეიძლება გახდეს კორიდორი ავტობუსისთვის გამოყოფილი ზოლისთვის. ასევე დიდ დიღომშია კორიდორი, სადაც დღეს არის მიწაყრილები, თუმცა ჯვარედინი პრინციპით ხდება დაკავშირება ფარნავაზ მეფისა და მირიან მეფის ქუჩების, რაც მომავალში გამოყენებული იქნება ავტობუსის ზოლებისთვის. მომავალში, თუ სწორად იქნება დარეზერვებული, საშუალება გვექნება ფინანსებიდან გამომდინარე, ტრამვაი იქნება თუ მიწისზედა მეტრო, იმისთვის იყოს გამოყენებული. 10 კორიდორი უკვე წარმოდგენილია.
როგორც დაანონსდა, პოლიტიკის ჯაჭვია წარმოდგენილი. ამ ჯაჭვში ბევრი მიმართულება ერთმანეთთანაა დაკავშირებული, როგორც ტაქსების რეფორმა, ასევე ავტობუსების გამოყოფილი ზოლები, ავტობუსების შეძენა, საათობრივ-ზონალური პარკირების შემოღება.
რაც გამოვიკვლიეთ, კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ძირითადი საპარკინგე სივრცეები დაკავებულია ოფისში მომუშავე ადამიანების ავტომობილებით. საჭიროებაა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადახედვის, მისი მორგების ოფისში მომუშავე ადამიანებზე. მარშრუტების გაძლიერების“,- განაცხადა მუმლაძემ.
მისივე თქმით, თუ მიკროავტობუსების კომპანია მანქანებს არ მოაწესრიგებს და ამ კუთხით სიახლე არ იქნება, მაშინ მათ პრობლემა შეექმნებათ, რადგან მგზავრთა უმეტესობა ავტობუსს მიანიჭებს უპირატესობას.
„12 მარშრუტის აღდგენამ გამოიწვია მირკოავტობუსის რამდენიმე ხაზის გაუქმება. ერთ-ერთი მაგალითი შემიძლია, მოგიყვანოთ ხაზი, რომელიც ვარკეთილიდან მუხიანთან იყო დაკავშირებული, 24 მიკროავტობუსი მუშაობდა და რეალურად, ავტობუსების დამატებამ გამოიწვია მათი შემცირება. ჩნდება კითხვა – რა ეშველებათ მიკროავტობუსებს? მნიშვნელოვანია მათი მდგომარეობა, ვინაიდან მათი მხრიდან მგზავრთა ძალიან დიდი ნაკადის მომსახურება ხდება. ამიტომ, ეს კომპანიაც ელოდება კომპანია “სისტრას” დასკვნას, ვინაიდან, ამ დასკვნაში იქნება მოცემულობა მიკროავტობუსების ნაწილის, თუ რა ხედვაში იქნება ის.
პირველადი ინფორმაციით, მიკროავტობუსები ძირითადად მოკლე მარშრუტზე, ვიწრო ქუჩებზე იქნება გადანაწილებული . ძალიან მნიშვნელოვანია მიკროავტობუსების კომპანიისთვის ეს დასკვნა, ვინაიდან თავის ბიზნესხედვას დაინახავენ ზუსტად ამ დასკვნაში. ჩვენ დაველოდებით მათ მზაობას, თუ როგორ შეიძლება გადანაწილდეს მათი მარშრუტები და რა დოზით იქნებიან თანახმანი ამ პოლიტიკის გატარებაზე. ვინაიდან მიკროავტობუსების მოწესრიგება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ დავაანონსეთ და ვამბობთ, რომ ავტობუსები შეიცვლება წელს და გვეყოლება სრულიად ახალი პარკი. თუ მიკროავტობუსები არ მოწესრიგდა, მაშინ მათ პრობლემა შეექმნებათ . მთელი მგზავრები ავტობუსებზე გადმონაწილდება“- განაცხადა მუმლაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები