„მიკროავტობუსები, ძირითადად, მოკლე მარშრუტზე, ვიწრო ქუჩებზე იქნება გადანაწილებული“

პირველადი ინფორმაციით, მიკროავტობუსები, ძირითადად, მოკლე მარშრუტზე, ვიწრო ქუჩებზე იქნება გადანაწილებული, – ამის შესახებ მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა, მამუკა მუმლაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მუმლაძის თქმით, თუ მიკროავტობუსების კომპანია მანქანებს არ მოაწესრიგებს და ამ კუთხით, სიახლე არ იქნება, მაშინ მათ პრობლემა შეექმნებათ, რადგან მგზავრთა უმეტესობა ავტობუსს მიანიჭებს უპირატესობას.
„12 მარშრუტის აღდგენამ გამოიწვია მიკროავტობუსის რამდენიმე ხაზის გაუქმება. ერთ-ერთი მაგალითი შემიძლია, მოგიყვანოთ ხაზი, რომელიც ვარკეთილიდან მუხიანთან იყო დაკავშირებული, 24 მიკროავტობუსი მუშაობდა და რეალურად, ავტობუსების დამატებამ გამოიწვია მათი შემცირება. ჩნდება კითხვა – რა ეშველებათ მიკროავტობუსებს? მნიშვნელოვანია მათი მდგომარეობა, ვინაიდან მათი მხრიდან მგზავრთა ძალიან დიდი ნაკადის მომსახურება ხდება. ამიტომ, ეს კომპანიაც ელოდება კომპანია “სისტრას” დასკვნას, ვინაიდან, ამ დასკვნაში იქნება მოცემულობა მიკროავტობუსების ნაწილის, თუ რა ხედვაში იქნება ის.
პირველადი ინფორმაციით, მიკროავტობუსები, ძირითადად, მოკლე მარშრუტზე, ვიწრო ქუჩებზე იქნება გადანაწილებული. ძალიან მნიშვნელოვანია მიკროავტობუსების კომპანიისთვის ეს დასკვნა, ვინაიდან თავის ბიზნესხედვას დაინახავენ ზუსტად ამ დასკვნაში. ჩვენ დაველოდებით მათ მზაობას, თუ როგორ შეიძლება გადანაწილდეს მათი მარშრუტები და რა დოზით იქნებიან თანახმანი ამ პოლიტიკის გატარებაზე. ვინაიდან მიკროავტობუსების მოწესრიგება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ დავაანონსეთ და ვამბობთ, რომ ავტობუსები შეიცვლება წელს და გვეყოლება სრულიად ახალი პარკი. თუ მიკროავტობუსები არ მოწესრიგდა, მაშინ მათ პრობლემა შეექმნებათ. მთელი მგზავრები ავტობუსებზე გადმონაწილდება“, – განაცხადა მუმლაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები