„კლანი უნდა წავიდეს“- არასამთავრობოების აქცია პარლამენტში

„კლანი უნდა წავიდეს“, – ასეთი წარწერის მქონე შავი მაისურებით არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე გამოცხადდნენ.
დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა განწესების წესთან დაკავშირებით, სამ ინიციატივაზე უნდა იმსჯელონ.
„საქართველოს იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სულხან სალაძის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა შემადგენლობა, რომლებიც ე.წ. კლანს წარმოადგენენ, უნდა შეიცვალოს.
მისივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონპროექტის მიღებას აზრი არ აქვს.
სალაძე განმარტავს, რომ სწორედ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აცვიათ მაისურები წარწერით „კლანი უნდა წავიდეს“.
„თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები არ შეიცვლებიან, კლანი შეინარჩუნებს თავის გავლენებს, არანაირი აზრი არ აქვს იმას, თუ რა ჩაიწერება კანონპროექტში. თუ ჩვენ გვინდა სასამართლოს რეალური რეფორმირება, ცვლილებები სწორედ აქედან უნდა დავიწყოთ. არა მგონია, რომ მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი ამისკენ იყოს მიდრეკილი“, – აღნიშნა სულხან სალაძემ.
ცნობისათვის, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზე უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა განწესების წესს განიხილავენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი ინიციატივა აქვს „ქართულ ოცნებას“, „ევროპულ საქართველოს“ და ეკა ბესელიას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები