ზალკალიანი: ანაკლიის პორტი საქართველოს მთავრობისთვის სტრატეგიული პროექტია და ამას კონკრეტული ნაბიჯებიც ადასტურებს

დავით ზალკალიანმა საქართველოს პარლამენტში ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის მნიშვნელობაზე.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობას განიხილავს როგორც ქვეყნისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტს. მინისტრის განცხადებით, ამას ადასტურებს თავად ის ფაქტიც, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი შესულია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ დოკუმენტში, როგორც მნიშვნელოვანი მიმართულება, ასევე, პროექტი შესულია ევროკავშირის მიერ “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სატრანზიტო ქსელის პრიორიტეტულ ნუსხაში, ასევე საყურადღებოა, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგში საქართველოში მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ტრადიციულად, მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა. კერძოდ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის თემა ყოველთვის განიხილებოდა აშშ-ს მხარესთან მაღალი და უმაღლესი დონის შეხვედრების, სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სხდომებისა და ქარტიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ინვესტიციების სამუშაო ჯგუფის ფარგლებში.

,,საქართველოს მთავრობა დღიდან პროექტის ინიცირებისა ხაზს უსვამს აღნიშნული პროექტის პრიორიტეტულობას მათ შორის ყველა მაღალი ტრიბუნიდან. ის რომ ანაკლიის პროექტი ჩასმულია ევროკავშირისთვის პრიორიტეტული პროექტების ნუსხაში აღმოსავლეთ პარტნიორობის სატრანზიტო ქსელის ფარგლებში, ასევე ანაკლიის პროექტი მუდმივად დგას ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ეკონომიკირი ჯგუფის სამუშაო შეხვედრების დღის წესრიგში და სხვა. ყოველივე ამის შემდეგ როგორ შეიძლება იმის თქმა რომ სახელმწიფოსთვის აღნიშნული პროექტი არ არის პრიორიტეტული. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს პროექტი არის პრიორიტეტული და მომავალშიც ასე იქნება”,- განაცხადა მინისტრმა.

საყურადღებოა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები საერთაშორისო ფორუმების ფარგლებში და მაღალი დონის შეხვედრებზე მუდმივად საუბრობენ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე. ამ მხრივ აღსანიშნავია პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის მიერ ასოცირების საბჭოს მე-5 სხდომის და დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, ისევე როგორც Hongqiao International Trade Forum-ის ფარგლებში ანაკლიის პორტის მნიშვნელობის ხაზგასმა.

„აღსანიშნავია, რომ 4 მარტს რუმინეთში ვიზიტის დროს, სატრანსპორტო კორიდორის ინიცირებასთან დაკავშირებით ოთხმხრივ მინისტერიალზე (საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით) გამოსვლისას ვისაუბრე ანაკლიის პორტის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე და ასევე ანაკლიის პორტზე საუბარი არის მინისტერიალის ფარგლებში მიღებულ დეკლარაციაში “,- აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მინისტრი სიტყვით გამოვიდა საქართველოს საპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროინტეგრაციის კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც წარადგინა 2019-2022 წლის საგარეო პოლიტიკის სტრატეგია, ასევე ევროინტეგრაციის გზაზე აგადადგმული ნაბიჯების შესახებ 2018 წლის ანგარიში. სხდომის ფარგლებში მინისტრმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები