ირაკლი სესიაშვილი: საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე პროგრესი ცალსახა და ერთმნიშვნელოვანია

საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე პროგრესი ცალსახა და ერთმნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

„საქართველო აღნიშნულია, როგორც კრიტიკულად მნიშვნელოვანი პარტნიორი და ხაზგასმულია ის პროგრესი, რომელიც ქვეყანამ, განსაკუთრებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემამ, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში მიაღწია“,- ასე აფასებს ირაკლი სესიაშვილი ნატოს გენერალური მდივნის 2018 წლის ანგარიშს.

ჟურნალისტებთან საუბრისას, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ნატო პროგრესულად აფასებს განხორციელებულ რეფორმებს. ირაკლი სესიაშვილი ოპოზიციის განცხადებებსაც გამოხმაურა. მისი განცხადებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში კრიზისის არსებობის შესახებ საუბრები საფუძველს მოკლებულია და გამოქვეყნებული დოკუმენტი, სადაც ამ სფეროში მიღწეული სერიოზული პროგრესის შესახებაა საუბარი, ექსპერტებისა და შემფასებლების ანგარიშს ეყრდნობა.

„ეს არის დოკუმენტი, რომელიც მოიცავს 15 ინიციატივას, ამ 15 ინიციატივიდან ერთი შესრულებულია, ხოლო ორი, რომელიც არის ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა – ამ მიმართულებით პროგრესი სახეზეა და ის შესრულებულად შეიძლება, ჩაითვალოს. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ანგარიშში გახლავთ ის, რომ ნატო ძალიან პროგრესულად აფასებს 6 ინიციატივას და მოლოდინი აქვს, რომ ის უკვე 2019 წლის განმავლობაში დასრულდება. ეს ნიშნავს, რომ ნატო ძალიან პროგრესულად აფასებს განხორციელებულ რეფორმებს. ეს არის ძალიან სერიოზული, ძალიან ფართო შინაარსის მქონე რეფორმები, რომელიც შეეხება როგორც საჰაერო თავდაცვას, ლოჯისტიკას, მათ შორის, გამჭვირვალობასთან დაკავშირებით კანონმდებლობის გაუმჯობესებას. ამ მიმართულებით ჩვენ გვექნება ძალიან პროგრესი 2019 წელს. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები, ჩვენ ოპონენტებს ხშირად უყვართ ხოლმე საუბარი უსაფუძვლოდ, რომ გარკვეული სახის კრიზისი არსებობს თავდაცვის ან უსაფრთხოების სექტორში, მაგრამ ის დოკუმენტი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ეყრდნობა ძალიან სერიოზულ, ექსპერტებისა და შემფასებელთა ჯგუფის მიერ დადებულ ანგარიშს, სადაც დეტალურად არის აღწერილი ის ძალიან სერიოზული პროგრესი, რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში იქნა მიღწეული“,- აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს მიმდინარე წელს, ნატოსთან ურთიერთობის კუთხით, მნიშვნელოვანი მოლოდინები აქვს. ირაკლი სესიაშვილმა ხაზგასმით კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს პროგრესი ცალსახა და ერთმნიშვნელოვანია.

„ეს ყველაფერი ჩვენ გვაძლევს ძალიან სერიოზულ მოლოდინებს, რომ თუ 2019 წლის ფარგლებში ეს 9-ვე ინიციატივა იქნება შესრულებული, დაგვრჩება 6 ინიციატივის შესრულება, რაც, ჩვენი მხრიდან მნიშვნელოვან ძალისხმევას მოითხოვს. თავისთავად ცხადია, ეს ნიშნავს საქართველოს ძალიან ინტენსიურ კავშირს და ინტეგრაციას ნატოში. თქვენ იცით, რომ ამ თვის ბოლოს ნატოს გენერალური მდივანი, სამხედრო კომიტეტი ჩამობრძანდება საქართველოში. მთლიანად, ეს წელი ძალიან დატვირთული იქნება ნატოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით.

თქვენ მოისმინეთ გენერალური მდივნის განცხადებაც, რომ საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისი გაიზრდება. საერთო ჯამში, ეს ხაზს უსვამს, რომ საქართველოში უფრო მეტი ნატოა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე პროგრესი ცალსახა და ერთმნიშვნელოვანია. საქართველოს პარლამენტის სახელით, კიდევ ერთხელ მივესალმები ამ პროგრესს და მაქვს სერიოზული მოლოდინები წელს ნატოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით“,- განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები