საქართველოში შესაძლოა, „მიცუბიშის“ ქარხანა გაიხსნას

„მიცუბიშიმ“ (Mitsubishi) ქარხანა შესაძლოა, საქართველოშიც გახსნას, – ამის შესახებ ტოკიოში გახდა ცნობილი, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულისთან ერთად იაპონური კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავენ.
მინისტრის განმარტებით, საბოლოო გადაწყვეტილებას კომპანია დეტალური კვლევის დასრულების შემდეგ მიიღებს.
„მიცუბიში“ დაინტერესებულია თავისი ქარხნების გაფართოებაში და ეს რეგიონი მათთვის საინტერესოა. დაინტერესდნენ როგორც მზა პროდუქციის საწარმოო ქარხნის გახსნით, აგრეთვე, განსაზღვრული ავტონაწილების საწარმოს გახსნით. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ ისინი უკვე იწყებენ დეტალურ კვლევას, თუ რა ტიპის საწარმო შეიძლება გაიხსნას, ეს იქნება მზა პროდუქცია თუ ნაწილები. რა თქმა უნდა, მათ აქვთ დიდი გეგმები ელექტროავტომობილების წარმოების მიმართულებით. შესაძლებელია, ეს იყოს ელექტროავტომობილები.
„მიცუბიშის“ მსგავსად, დაინტერესებულია რამდენიმე კომპანია, რომლებთანაც გვექნება შეხვედრა. ჩვენ ვიცით, რომ იაპონიის ეკონომიკა ძალიან დიდ წილად, რა თქმა უნდა, დაფუძნებულია ავტოწარმოებაზე, ტექნოლოგიებზე, ელექტრონიკაზე და რა თქმა უნდა, ამ თვალსაზრისით მათ აქვთ ინტერესი გამომდინარე ჩვენი გეოგრაფიული პოზიციიდან, ჩვენი ხელშეკრულებებიდან თავისუფალ ვაჭრობაზე მრავალ ქვეყანასთან, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ბიზნესგარემო, ძალიან დაბალი გადასახადები და აგრეთვე, ჯერ კიდევ გვაქვს მუშახელის დაბალი ღირებულება. რა თქმა უნდა, ეს იწვევს ინტერესს როგორც ელექტრონიკის მწარმოებლებში, ასევე ავტომობილების, საერთოდ, ტექნიკის წარმოებაში“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
იაპონიასთან ქართულმა მხარემ ინვესტიციების დაცვაზე ხელშეკრულებაც გააფორმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სამუშაო ვიზიტით იაპონიას სტუმრობს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი 15 მარტის ჩათვლით ტოკიოში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს და სხვადასხვა კულტურულ და ბიზნეს ღონისძიებას დაესწრება.
15 მარტს ტოკიოში ბიზნესფორუმი გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციის პრეზიდენტ იასუშუ აკაჰოშისთან ერთად გახსნის. საქართველოს სამთავრობო დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები