პარლამენტში სასწავლო ცენტრის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა

„დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღეა ჩვენთვის. საგანმანათლებლო და სასწავლო ცენტრის განვითარების კუთხით ჩვენ ახალ ფურცელს ვშლით საქართველოს პარლამენტის ისტორიაში და ვიწყებთ იმ პროგრესისკენ მსვლელობას, რომელზეც ბოლო ერთი წლის განმავლობაში პარლამენტის მთელი აპარატი და კონკრეტულად სასწავლო ცენტრი პარტნიორ, დონორ და მეგობარ ორგანიზაციებთან ერთად აქტიურად მუშაობდა და ემზადებოდა სწორედ ამ დღისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ სასწავლი ცენტრის განვითარების სტრატეგიის (2019-2024) და სამოქმედო გეგმის(2019-2020) პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და დიდი ბრიტანეთის მთავრობა მდგრად მხარდაჭერას ახორციელებს საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრის შემდგომი გაძლიერების კუთხით. როგორც პარლამენტის აპარატის უფროსმა აღნიშნა, დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით დაიწყო პროექტი, რომელმაც შესაძლებელი გახადა სასწავლო ცენტრი თავისი ფუნქციებით და საქმიანობით ახალ მასშტაბებზე გადასულიყო.
„ნებისმიერი რეფორმა, ნებისმიერი სიახლის დანერგვა, ნებისმიერ ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით გადადგმული ნაბიჯი სასწავლო ცენტრის სიძლიერეზეა დამოკიდებული; სასწავლო ცენტრს თავისი მნიშვნელოვანი როლი ეკისრება ამ პროცესებში. სწორედ ამიტომ, ჩვენ პირველივე დღიდან დავიწყეთ განსაკუთრებული აქცენტების გაკეთება სასწავლო ცენტრის განვითარებაზე და გაძლიერებაზე. ჩვენ გვაქვს პირველი შედეგები და ამით ძალიან ვამაყობთ, თუმცა ის დოკუმენტი, რომელიც თქვენს სამსჯავროზეა წარმოდგენილი, ძალიან ამბიციური გეგმების წარმოსახვის შესაძლებლობას გვაძლევს“,-განაცხადა პარლამენტის აპარატის უფროსმა.
პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ილია ნაკაშიძემ მიმართა. „მინდა მოგილოცოთ ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილე. საქართველოს პარლამენტის სასწავლი წელი 1996 შეიქმნა და თავდაპირველად ინფორმატიკის დეპარტამენტის შემადგენელი ნაწილი იყო და კომპიუტერის საბაზისო კურსების შეთავაზებით შემოიფარგლებოდა. დღეს კი. საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრი ადამიანური რესურსების და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტის პერსონალის სწავლებისა და პროფესიული განვითარების განყოფილებაა. სასწავლი ცენტრი, 2005 წლიდან გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით გაძლიერდა და დღეს არსებულ სტრუქტურად ჩამოყალიბდა. ცენტრის ძირითადი ფუნქციებია: პროფესიული განვითარება საჭიროების მიხედვით, სასწავლო პროგრამების ორგანიზება, კონტროლი, კოორდინაცია და სწავლების შედეგების შეფასება, სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის ორგანიზაციული უზრუნველყოფა. სასწავლი ცენტრის სამიზნე ჯგუფები მრავალფეროვანია და მე. როგორც პარლამენტის წევრი ვსარგებლობ ამ ცენტრის მხარდაჭერით და დახმარებით. 2107 წლიდან საქართველოს პარლამენტში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის „კარგი მმართველობის ფონდის“ მხარდაჭერით დაიწყო პროგრამა „ინკლუზიური და ანგარიშვალდებული სამთავრობო ინსტიტუტების გაძლიერება საქართველოში“, რამაც ინსტიტუციურად საკმაოდ გააძლიერა საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრი. მინდა ვისარგებლო მოცემული შემთხვევით და წარმატება ვუსურვო სასწავლო ცენტრს მომავალში“-განაცხადა ილია ნაკაშიძემ. სასწავლი ცენტრის ორწლიან სამოქმედო გეგმაში კვარტალურად არის გაწერილი ცალკეული სტრატეგიული მიზნების მიღწევისათვის საჭირო ღონისძიებები, ვადები, აპარატის სტრუქტურული ერთეულები და ღონისძიებების წარმატებით ჩატარების ინდიკატორები. სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაციის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ილია ნაკაშიძემ, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ, საქართველოში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ლორა თორტონმა და დიდი ბრიტანეთის ელჩის მოადგილემ ალექსანდრა ქოულიმ შიდა ტრენერთა განვითარების პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები