ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სხდომაზე გენგეგმის საბოლოო ვერსია განიხილეს

თბილისის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სხდომა გაიმართა. ფრაქციის წევრებმა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო ვერსია განიხილეს, რომელსაც ხვალ, საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცებენ. როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიღება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.
„თბილისის განვითარების მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა უზრუნველყოფს ქალაქის გრძელვადიან, სწორ, სისტემურ განვითარებას. შეიძლება ითქვას, რომ დოკუმენტი მზადაა მისაღებად,როგორც ცნობილია, ხვალ ასევე ვიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს სამშენებლო წესებთან დაკავშირებით. ამ ცვლილებების ძირითადი მიზანი არის ის, რომ აიკრძალოს K2 კოეფიციენტის გადაჭარბების გაზრდა. ეს ცვლილება საშუალებას მოგვცემს, რომ ქალაქი განვითარდეს გენგეგმის ფუნქციური ზონების შესაბამისად და ჩვენ გვქონდეს სისტემურად გრძელვადიანი განვითარების გეგმა-სტრატეგია“,- განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.
ფრაქციის სხდომაზე გენერალური გეგმის პროექტზე განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმაც გააკეთა. მისი თქმით, თბილისის გენერალური გეგმის პროექტზე თბილისის მერია და “სითი ინსტიტუტი“ აქტიურად მუშაობდნენ. დოკუმენტი, რომელსაც ხვალ საკრებულო განიხილავს თბილისის გრძელვადიან განვითარებას უზრუნველყოფს და იცავს როგორც ქალაქის განვითარების, ისე მოქალაქეების ინტერესებს.
„ხვალ არის საკრებულოს სხდომა, სადაც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო ვერსიას განვიხილავთ. დღეს ფრაქციის ფორმატში კიდევ ერთხელ ვიმსჯელეთ და შევაჯერეთ ჩვენი პოზიციები. გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით ძირითადად ტექნიკური ხასიათის შენიშვნები გვქონდა. მინდა გითხრათ, რომ შინაარსობრივად არაფერი შეიცვლება. თითოეულმა ჩვენგანმა, მერიამ და „სითი ინსტიტუტმა“ ძალიან დიდი სამუშაო გასწია, რომ ეს დოკუმენტი დაგვეხვეწა და გათვალისწინებული ყოფილიყო, როგორც ქალაქის განვითარების, ისე მოქალაქეების ინტერესები”, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები