ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა კონფერენცია – „ენერგეტიკა და გარემო“ გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სტუდენტთა რიგით მეორე ღია სამეცნიეროკონფერენცია – ,,ენერგეტიკა და გარემო“ მიმდინარეობს.
როგორც „კვირას“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს, სტუდენტთა კონფერენცია გახსნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ – ნათია თურნავამ, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში – პროფ. ზურაბ გასიტაშვილმა და სტუ-ის ენერგეტიკისა დატელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დეკანმა – პროფ. გია არაბიძემ.
ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის – ნათია თურნავას განცხადებით, სტუდენტებს, რომლებიც ენერგეტიკას ეუფლებიან, სწორი არჩევანი გაქვთ გაკეთებული, რადგან ეს პროფესია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია. მისი თქმით, ეს ტენდენცია სულ უფრო და უფრო მზარდია.
„ენერგეტიკაში ჩნდება სრულიად ახალი სფეროები, ერთ-ერთი მათგანი ენერგოეფექტურობაა. თუ ადრე, ენერგიის მზარდ მოხმარებას ვუპირისპირებდით მეტი სადგურის აშენებას, ახლა ჩვენი მოთხოვნა ენერგიის ეფექტურად მოხმარება ხდება. ეს ნიშნავს იმას, რომ კანონში შეტანილ ცვლილებებთან ერთად, ამოქმედდება ენერგოაუდიტის სამსახური. ასევე, ჩნდება მეორე დიდი პროფესია – ენერგეტიკული სერვისების მიმწოდებელი. როდესაც ბიზნესი აღმოაჩენს, რომ ნამდვილად ზედმეტ ენერგიას მოიხმარს, ენერგეტიკული სერვისების მიმწოდებელი ურჩევს მას, როგორ გადააწყოს საქმიანობა ისე, რომ უფრო ნაკლები ენერგია მოიხმაროს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მეცნიერების დარგში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის – პროფ. ზურაბ გასიტაშვილის თქმით, ტექნიკურ უნივერსიტეტში ენერგეტიკოსის პროფესიას ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ეუფლება.
„ენერგეტიკის დარგი ყოველდღიურად განვითარების ახალ საფეხურზე გადადის. ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები რეგულარულად გადიან სტაჟირებას სხვადასხვა ენერგოკომპანიაში. ბოლო დროს, 40 სტუდენტი მივავლინეთ სტაჟირებაზე. მიგვაჩნია, რომ ენერგეტიკის დარგის განვითარებაში უმნიშვნელოვანესია ჩვენი სტუდენტების ჩართულობა, რადგან სწორედ მათ უნდა მართონ ეს დარგი სამომავლოდ. ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტი კი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია და აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით“, – აღნიშნა ზურაბ გასიტაშვილმა.
როგორც ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის დეკანმა – პროფ. გია არაბიძემ განაცხადა, დღევანდელი კონფერენცია იქნებ, ახალი ურთიერთობების ათვლის წერტილი, მითუმეტეს, რომ კონფერენციის ორგანიზატორი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა.
„ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმების შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩვენს ფაკულტეტს შორის თითქოს შენელდა კავშირი. ეს გასაგებიცაა – სტრუქტურულ ცვლილებებს დრო სჭირდება. სტუდენტებთან ერთად, არაერთი საინტერესო გეგმა გვაქვს, რაც გააღრმავებს სამინისტროსა და ფაკულტეტს შორის ურთიერთობას“, – განაცხადა გია არაბიძემ.
კონფერენციას ეწრებიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და საქართველოში მოქმედი ენერგოკომპანიების ხელმძღვანელი პირები.
სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაზე 21 მომხსენებელი წარსდგება, რომელთაგან 15 ბაკალავრიატის, ხოლო 6 – მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტია. მათი ნაშრომები და კვლევები საქართველოს ენერგეტიკის დარგში მიმდინარე პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს, ინოვაციებს, მწვანე ენერგიის განვითარების შესაძლებლობებს, დარგში მიმდინარე დადებით თუ უარყოფით პროცესებს, ალტერნატიული ენერგიის მიღების წყაროებს, ენერგეტიკული დარგის განვითარების მიმართულებებს ეხება და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გაანალიზების მცდელობასაც ისახავს მიზნად.
ენერგეტიკის დარგის შვიდი სპეციალისტით დაკომპლექტებული სპეციალური კომისია დღეს საღამოსვე გამოავლენს ხუთ ნომინაციაში გამარჯვებულ სტუდენტებს, რომლებიც მსხვილი კომპანიების – საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, „თელასი“, „საქრუსენერგო“, ენერგოეფექტურობის ცენტრი, „ბლაუენშტაინ საქართველო“ – და ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მიერ დაწესებული ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან. სამეცნიერო კონფერენციის დასასრულ კი, მონაწილე ყველა სტუდენტს სერტიფიკატებიგადაეცემათ.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად, სტუდენტთა რიგით მეორე ღია სამეცნიერო კონფერენციის – ,,ენერგეტიკა და გარემო“ორგანიზატორები არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ენერგეტიკის აკადემია,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, „თელასი“, „საქრუსენერგო“, ენერგოეფექტურობის ცენტრი, საკონსულტაციო-საპროექტო კომპანია„გროს ენერჯი ჯგუფი“ (GEG) და „ბლაუენშტაინ საქართველო“ (Blauenstein Georgia).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები