საკრებულოს ინიციატივით, ღონისძიება „ქალები თბილისის ქუჩებიდან“ გაიმართა

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, ღონისძიება „ქალები თბილისის ქუჩებიდან“ გაიმართა.
„ღონისძიების ფარგლებში, დღეს დედაქალაქში არსებული ქუჩების გენდერული კვლევის შედეგად შექმნილი ბიოგრაფიული ბარათების პრეზენტაცია შედგა. კომისიამ გენდერულ ჭრილში შეისწავლა დედაქალაქის ქუჩები და დღეის მდგომარეობით თბილისის საზღვრებში 117 ქალის სახელობის ქუჩა გვხვდება. სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ თითოეული ქალის ბიოგრაფია შეისწავლა და ბიოგრაფიულ მონაცემებთან ერთად, ბარათებზე ქუჩების ზუსტი მდებარეობდა დაიტანა“,- ნათქვამია თბილისის საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბარათების პრეზენტაცია რეჟისორ ნანა მჭედლიძის სახელობის სკვერში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ეს თბილისში არსებული ერთადერთი სკვერია, რომელიც ქალის სახელს ატარებს.
როგორც სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, თბილისის ქუჩების სახელდების პროცესში გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის გატარება კომისიისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. მისივე თქმით, კომისიამ სწორედ გენდერულ ჭრილში შეისწავლა დედაქალაქის ქუჩები და გამოსცა ბარათები, რომლებზეც თითოეული ქალის ბიოგრაფია და მათი ზუსტი მდებარეობა დაიტანა.
„იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენს მიერ მომზადებული ბიოგრაფიული ბარათები ხელს შეუწყობს თემის კიდევ უფრო პოპულარიზაციას. სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია კი განაგრძობს იმ ქალთა მონაცემების დამუშავებას, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს საქართველოს ისტორიაში და ქუჩებს მათ სახელწოდებებს მიანიჭებს. დარწმუნებული ვართ, ჩვენი შემართება გადამდები გახდება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ სხვა ქვეყნებისთვისაც“,- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
ღონისძიების ფარგლებში, რეჟისორ ნანა მჭედლიძის სახელობის სკვერში, პირველი პარლამენტარი ქალების სახელზე ხეები დაირგო და ნანა მჭედლიძის სახელობის აბრა გაიხსნა.
ღონისძიებაში მონაწილეობა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ მარიკა დარჩიამ, საკრებულოს წევრებმა, ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ, გენდერულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და იმ ქალების ოჯახის წევრებმაც მიიღეს, რომელთა სახელებსაც თბილისის ქუჩები ატარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები