ნათია თურნავა: უახლოეს პერიოდში, საქართველო ენერგეტიკის სფეროში 2 მილიარდი დოლარის ინვესტიციებს მიიღებს

„ენერგეტიკის სფეროში ახალი პროექტები ქვეყანას უახლოეს პერიოდში 2 მილიარდი დოლარის ახალ ინვესტიციებს მოუტანს“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი თქმით, სამინისტროს აქვს მთავრობის და პრემიერის დავალება, რომ ენერგეტიკაში ინვესტორების მიმართ მხარდაჭერა მაქსიმალურად გაააქტიუროს.
ნათია თურნავას ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მხოლოდ ბოლო 6 თვის განმავლობაში, ახალი 900 ჯამური მეგავატის დადგმული სიმძლავრის 50-მდე პროექტი შევიდა.
„მათი ნაწილი უკვე იქცა მემორანდუმად, ნაწილიც უახლოეს პერიოდში იქცევა მემორანდუმად და დაიწყება მშენებლობები. ეს არის დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის დამატებითი, ახალი ინვესტიცია, რომელიც უახლოეს პერიოდში აისახება”, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ამასთან, ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ასევე იწყება ახალი პროექტები განახლებად ენერგიებში, კერძოდ, 300 მეგავატის ხუთი ახალი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა უკვე წელს დაიწყება, ასევეა მზის ელექტროსადგურებთან დაკავშირებითაც – ნათია თურნავას ინფორმაციით, მზის 30-დან 50-მდე მეგავატი სიმძლავრის პირველი ელექტროსადგურის ტენდერი შედგება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად.
„ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოხდეს ინტენსიფიკაცია, თუმცა, რა თქმა უნდა, ბევრი გამოწვევაა, მათ შორის განსაკუთრებით რთულია მსხვილი პროექტების წარმოება, რადგან მოსახლეობასთან მეტი მუშაობაა საჭირო, ასევე გარემოსდაცვითი რისკების თავიდან ასაცილებლად”, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები