“პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის შემცირებაში მნიშვნელოვანი წვლილი მაგისტრალური გაზსადენის პროექტის დასრულებამ შეიტანა”

„პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის შემცირებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მაგისტრალური გაზსადენის პროექტის დასრულებამ, ამავე დროს იმან, რომ შარშან წლის შუა პერიოდში განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი ტრანზაქცია ტელეკომუნიკაციების სექტორში“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 2018 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 მილიარდ 230 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც ერთი მესამედით ნაკლებია 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
„მინდა განმარტება გავაკეთო, რომ შემცირებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მაგისტრალური გაზსადენის პროექტის დასრულებამ. ამავე დროს იმან, რომ შარშან წლის შუა პერიოდში განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი ტრანზაქცია ტელეკომუნიკაციების სექტორში, როდესაც ადგილობრივმა რეზიდენტმა იყიდა წილი უცხოური რეზიდენტისგან და მესამე ფაქტორი, რომელიც მინდა გამოვყო, ეს შეეხება იმას, რომ ვალდებულების დაფარვა მოხდა მასშტაბურად არარეზიდენტი ინვესტორების მიმართ, რომელიც აისახა ამ სტატისტიკაში. ის ფაქტი, რომ მოხდა ვალდებულებების გასტუმრება არარეზიდენტების მიმართ, ეს არის მნიშვნელოვნად მისასალმებელი ფაქტი, ისევე, როგორც ჩემთვის მისასალმებელი ფაქტი გახლავთ ის, რომ ძალიან მნიშვნელოვან სექტორში, როგორიც გახლავთ ტელეკომუნიკაცია, ჩვენი რეზიდენტი კომპანიები ძალიან აქტიურად ახორციელებენ ინვესტიციებს. შესაბამისად, ის მოსაზრებები, რაც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ, რომ ფუნდამენტურ ფაქტორებს უკავშირდება ინვესტიციების შემცირება, არ შეესაბამება რეალობას. ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საერთო ინვესტიციებში ქვეყანა მიდიოდეს წინ და 20 პროცენტიანი ზრდა ამის ნათელი მაგალითია. ნათელი მაგალითია ის, რომ სწორედ ინვესტიციების მოზიდვა გახლდათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არგუმენტი FITCH-ისთვის, როდესაც მან გაზარდა ჩვენი სუვერენული რეიტინგი”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, 2018 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა დაფიქსირდა დამამუშაველი მრეწველობის, სამთომოპოვებითი მრეწველობის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების, სოფლის მეურნეობის სექტორებში.
„ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი არის სიღარიბის დაძლევა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და სწორედ საერთო ინვესტიციების მოცულობამ, მისმა სწრაფმა ზრდამ უნდა უზრუნველყოს ყოველივე ეს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები