“ძალადობა და მეუღლის მიმართ მუქარის სმს-ები” – ძიუდოს ნაკრების წევრი პატიმრობაში რჩება
საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრის თორნიკე ნაგლიაშვილის ადვოკატმა მარნეულის სასამართლოს გადაწყვეტილება აღმკვეთი ღონისძიების შესახებ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
მარნეულის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილებით, თორნიკე ნაგლიაშვილს, რომელსაც მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალი ედებოდა, წინასწარი პატიმრობა 7 მარტს შეეფარდა.
მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა ბრალდებულის მიმართ წინასწარი პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით, სრულად დააკმაყოფილა.
საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრი თორნიკე ნაგლიაშვილი სამართლალამცველებმა რამდენიმე დღის წინ მარნეულში, ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
საქმე ეხება მუქარის შემცველ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, რომელიც სპორსტმენის მეუღლემ პოლიციაში წარადგინა.
ნაგლიაშვილს მეუღლის, გვანცა ფანგანის მიმართ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა, თუმცა ის რამდენჯერმე დაარღვია.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლით და 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისთვის, მუქარასა და ოჯახში ძალადობას გულისხმობს.