მაია ცქიტიშვილი ანაკლიის პორტის ოპერატორი კომპანიის ცვლილებაზე – სამწუხაროდ, ეს არღვევს ინტერესთა გამოხატვის პირობასაც და სულისკვეთებასაც

„ანაკლიის პორტში შემოდის არა SSA Marine, არამედ SSA International,“ – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ტელეკომპანია “იმედის”გადაცემა “იმედი Live”-ში განაცხადა.
მისი თქმით, გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის დროს, ყველამ ნახა, როგორ მოეწერა ხელი ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და კომპანია SSA MARINE-ს შორის ხელშეკრულებას ინვესტიციის განხორციელების თაობაზე.
“სამწუხაროდ, დღეს კონსორციუმს შემოთავაზებულილ აქვს ჩვენთვის არა SSA Marine-ის, არამედ ერთ ჯგუფში შემავალი, პარალელური ორგანიზაციის SSA International-ის შემოსვლა. SSA Marine ნამდვილად არის დიდი კომპანია, 250 პორტის ოპერატორია. სამწუხაროდ, იგივეს ვერ ვიტყვი SSA International -ზე, რომელიც ბევრად პატარა კომპანიაა, რამდენიმე პორტის ოპერატორი ისიცაა, მაგრამ ის პორტები ანაკლიასთან შედარებით მცირე ზომისაა“, – აცხადებს მაია ცქიტიშვილი.
ვიცე-პრემიერის თქმით, მთავარი პრობლემა ისაა, SSA International არ შემოდის სრული მოცულობით და ის ამ პროექტში წარმოდგენილი იქნება კომპანიის 5 ამერიკელი თანამშრომლით.
“გარდა ამისა, როცა ვსაუბრობთ პორტის ოპერატორზე, როდესაც კონსორციუმის კონკურსში შემოდიოდა, შემოთავაზებული ჰქონდა 12 თუ 17 დიდი პორტის ოპერატორი კომპანიები. ახლა ჩვენ გვაქვს ალტერნატიული მოდელი, როცა კომერციულ რისკებს საკუთარ თავზე იღებს კონსორციუმი, ასევე, კონსორციუმისა და SSA International-ის მიერ დაფუძნებული კიდევ სხვა ქართული კომპანია, რომელშიც იმუშავებს 5 ამერიკელი მენეჯერი და ამ კომპანიამ უნდა წარმართოს პორტის კომერციული მართვა. სამწუხაროდ, ეს არღვევს ინტერესთა გამოხატვის პირობასაც და სულისკვეთებასაც”, – აცხადებს მაია ცქიტიშვილი.
ამ თემაზე საუბრისას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ბანკების 8 პუნქტიან მოთხოვნებზე, სადაც ტვირთბრუნვის ნაწილში მოთხოვნილია სახელმწიფო გარანტია, რადგან პროექტს არ ჰყავს სტრატეგიული ინვესტორი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები