სალომე ზურაბიშვილი: საქართველომ და ლიეტუვამ უნდა გააფართოონ თანამშრომლობის ფორმატები, განსაკუთრებით საჭიროა ახალგაზრდების პოტენციალის ათვისება

ჩვენ ერთად გამოვიარეთ საბჭოთა რეჟიმი, ერთად გავიარეთ რთული გზა თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობისკენ და ამ გზაზე ყოველთვის ვამხნევებდით ერთმანეთს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს სახელით გამართულ ოფიციალურ სადილზე განაცხადა.

„ნება მიბოძეთ, მადლობა მოგახსენოთ გულითადი დახვედრისთვის. დღევანდელი ჩემი ვიზიტი ლიეტუვაში ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობის კიდევ ერთი დადასტურებაა.

ამ ურთიერთობის სიმტკიცეზე მეტყველებს ის, რომ გასულ წელს ჩვენ ერთად აღვნიშნეთ ორი უმნიშვნელოვანესი თარიღი – საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებისა და ლიეტუვის სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლის იუბილეები.

სწორედ ამ თარიღებს მიეძღვნა ლიეტუვურ და ქართულ ენებში ჩვენი ქვეყნების ავთენტური დასახელებების – საქართველოსა და ლიეტუვის დამკვიდრება, რაც მართლაც გამორჩეული ჟესტია“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთპატივისცემასა და მჭიდრო თანამშრომლობაზე მიუთითებს ისიც, რომ ლიეტუვას ჯერ კიდევ 100 წლის წინ ჰქონდა ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში.

„ჩვენ ერთად გამოვიარეთ საბჭოთა რეჟიმი, ერთად გავიარეთ რთული გზა თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობისკენ და ამ გზაზე ყოველთვის ვამხნევებდით ერთმანეთს.

ლიეტუვამ, რომელიც 1990 წელს პირველი განთავისუფლდა საბჭოთა რეჟიმისგან, მალევე, ლატვიასთან და ესტონეთთან ერთად, ევროპის კარი შეაღო, ხოლო შემდგომ იგი გახდა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყანა.

ქართველმა ხალხმა, ასევე, ევროპული გზა აირჩია. მართალია, ჩვენი გზა უფრო რთული და ხანგრძლივი აღმოჩნდა, მაგრამ ეს არჩევანი ურყევია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ევროპულ გზაზე საქართველოს ძალიან ეხმარება ლიეტუვის გამოცდილების გაზიარება.

„ჩვენ ყოველთვის ვგრძნობთ თქვენს ძლიერ მხარდაჭერას. ოკუპირებული ტერიტორიები არის უმთავრესი გამოწვევა საქართველოსთვის. სწორედ ამ საკითხში ლიეტუვა ჩვენი თანამებრძოლია საერთაშორისო ორგანიზაციებში და ამას განსაკუთრებით ვაფასებთ.

მინდა აღვნიშნო, რომ დღეისათვის ლიეტუვისა და საქართველოს 30-მდე მუნიციპალიტეტი და ქალაქია დაძმობილებული. თანამშრომლობის ასეთი მასშტაბი მართლაც სანიმუშოა. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტი რეგიონების განვითარებაა და ამდენად, ამ ურთიერთობაში ძალიან დიდ პოტენციალს ვხედავ“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველომ და ლიეტუვამ კიდევ უფრო უნდა გააფართოონ თანამშრომლობის ფორმატები.

„ერთობლივი პროექტების განხორციელების დროს განსაკუთრებით საჭიროა ახალგაზრდებში არსებული პოტენციალის ათვისება, პირველ რიგში იმ ახალგაზრდების, რომლებიც სწავლობენ ქართულ  და ლიეტუვურ ენებს. ამით უფრო გავაძლიერებთ იმ საძირკველს, რაზეც საქართველოსა და ლიეტუვის კავშირი დგას.

ქალბატონო პრეზიდენტო, მინდა, განსაკუთრებული მადლობა გითხრათ იმ წვლილისთვის, რომელიც პირადად თქვენ მიგიძღვით ჩვენი ხალხების კიდევ უფრო დაახლოებაში. მე ძალიან ვაფასებ ამ გულწრფელ დამოკიდებულებას, კეთილგანწყობასა და დიდ მხარდაჭერას.

გთავაზობთ, შევსვათ ჩვენი ქვეყნების სადღგრძელო. ლიეტუველ ხალხს, თითოეულ თქვენგანს ვუსურვებ დიდ წარმატებებს!“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები