თორნიკე რიჟვაძე: საბაჟო სფერო ეკონომიკური თანამშრომლობისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი პლატფორმაა

დღეს სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის თურქული მხარის ახალი შენობის ოფიციალური გახსნა გაიმართა. სარფი წარმოადგენს მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძს, იგი აკავშირებს საქართველო-თურქეთის რესპუბლიკას ეკონომიკურად, კულტურულად და სოციალურად.

გახსნის ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრი, დიპლომატიური კორპუსის წევრები და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის და თურქეთის რესპუბლიკისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მიმზიდველი და კონკურენტული სატრანზიტო დერეფნის განვითარებას.

,,საბაჟო სფერო ეკონომიკური თანამშრომლობისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ერთ-ერთი პლატფორმაა, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური კეთილდღეობისათვის და რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაციისათვის.

 მნიშვნელოვანია სფეროს განვითარების ერთიანი პრინციპების ჩამოყალიბება. თურქეთის რესპუბლიკა არის  ერთ-ერთ მსხვილ სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა საქართველოსთვის და მიმაჩნია, რომ საბაჟო სფეროში თანამშრომლობით ეს პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდება”. – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

საბაჟო-გამშვები პუნქტის მშენებლობა დაახლოებით სამი წელი მიმდინარეობდა. ახალ შენობაში ფუნქციონირებს ესკალატორები და შენობა მთლიანად არის ადაპტირებული. დაემატა ავტომანქანების გამშვები რამდენიმე ხაზი. ზაფხულის სეზონის განმავლობაში საშუალო მონაცემებით საზღვარს ყოველდღიურად კვეთს 1000-მდე სატვირთო ავტომანქანა, 2000-მდე მსუბუქი ავტომანქანა, 400-მდე ავტობუსი და 25000-მდე ფეხით მოსიარულე.

თურქეთის მხარეს ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება ბიძგს მისცემს გამშვები პუნქტის გამტარუნარიანობის პოტენციალის კიდევ უფრო მეტად ზრდას. სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის რეკონსტრუქცია არის რეგიონისათვის უმნიშვნელოვანესი პროექტი საქართველო-თურქეთის რესპუბლიკებს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და ურთიერთობების შემდგომი განვითარების მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები