სალომე ზურაბიშვილი: საქართველო დღეს ბევრად დამოუკიდებელი, ძლიერი და განვითარებულია, ვიდრე ისურვებდა ის მეზობელი, რომელიც ზოგჯერ ეჭვით გვიყურებს და გვემუქრება

 

“საქართველო დღეს არის ბევრად დამოუკიდებელი, ძლიერი და განვითრებული, ვიდრე ისურვებდა ის მეზობელი, რომელიც ზოგჯერ ეჭვით გვიყურებს და მუქარებით გველაპარაკება”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კახის რაიონში მცხოვრებ ქართველებთან შეხვედრისას განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, რუსეთისგან ხშირია მუქარის შემთხვევები და არის მცდელობა ოკუპირებული ტერიტორიები გამოყენებული იყოს საქართველოს დასასუსტებლად. თუმცა, საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეს მცდელობა წარუმატებელია.
„არ მსურს ისეთი დაპირებები გავცე, რომელზეც არ ვიქნები პასუხისმგებელი. შემიძლია, მხოლოდ ერთ რამეს დაგპირდეთ, თქვენი თხოვნა, ტკივილი და სურვილი იქნება მოსმენილი და პასუხგაცემული. ეს ეხება ეკლესიის საკითხსაც, აუცილებელია, სადაც არსებობს ქართული ეკლესია, ყველგან შესაძლებელი იყოს წირვის ჩატარება.
ერთი ძალიან პატარა ეკლესია გვქონდა პარიზში, რომელიც ერთადერთი ქართული ეკლესია იყო თავისუფალ მსოფლიოში. ამ საკითხზე პატრიარქს აუცილებლად დაველაპარაკები, თუმცა მან თავად იცის, თქვენ იცით, რამდენად მტკივნეულია საქართველოსთვის ოკუპირებული ტერიტორიები. პრეზიდენტისთვის, რომელიც საზღვრებისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის დამცველია, ეს არის ძალიან დიდი ვალდებულება.
დღეს და გუშინ კიდევ იყო რაღაც მუქარები ჩვენ მიმართ ჩვენი მეზობლისგან, ჩრდილოეთიდან. ეს არის მდგომარეობა, რომელშიც ვცხოვრობთ – ზეწოლა, მცდელობა, გველაპარაკონ მუქარით. ეს გრძელდება და არის მცდელობა, ოკუპირებული ტერიტორიები გამოყენებული იყოს იმისთვის, რომ შესუსტდეს საქართველო, რეალურად, ეს მცდელობა წარუმატებელია. ამ ყველაფრის მიუხედავად, საქართველო დღეს არის ბევრად დამოუკიდებელი, ძლიერი და განვითრებული, ვიდრე ისურვებდა ის მეზობელი, რომელიც ზოგჯერ ეჭვით გვიყურებს და ზოგჯერ მუქარებით გველაპარაკება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად, აზერბაიჯანში, კახის რაიონის სოფელ კახინგილოს საშუალო სკოლას ესტუმრა და წმინდა გიორგის ეკლესია მოინახულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები