საქართველოს პრეზიდენტი კახში ქართული წარმოშობის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა
სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი კახში, ქართული წარმოშობის აზერბაიჯანის მოქალაქეებთან შეხვედრით დაასრულა.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრისას ოფიციალური ვიზიტის შესახებ ისაუბრა და ადგილობრივ მოსახლეობას საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის გულითადი მოკითხვა გადასცა.
სალომე ზურაბიშვილმა ვიზიტის შეხვედრები მიმოიხილა და იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან გულთბილი დახვედრა, საქართველო – აზერბაიჯანის კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობები კახის ადგილობრივ მოსახლეობაზეც აისახება.

,,ეს არის ჩემი პირველი ვიზიტი რეგიონში და ამდენად ძალიან მიშვნელოვანი იყო ასეთი მიღება, რომელიც მაძლევს ძალიან დიდ იმედს, რომ ჩვენი ურთიერთობების განვითარების გზები, ორივე ქვეყნისათვის მომგებიანი ეკონომიკური და სატრანსპორტო სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივები თქვენზეც აისახება და საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანული წარმოშობის მოსახლეობაზეც”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე არსებობს ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც ატარებენ ქვეყნის იდენტობას, ენასა და კულტურას, რაც ძალიან ბევრის მთქმელია.
,, თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც რეალურად, ფიზიკურად აკავშირებენ ორივე ქვეყანას. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ძალისხმევით და კეთილგანწყობებით მივაღწევთ შედეგებს ეკლესიის, თეატრის აღდგენისა და კულტურული ცენტრის საკითხებთან დაკავშირებით”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.