ბიზნესომბუდსმენმა 2018 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

„2018 წელს ბიზნესომბუდსმენის აპარატმა 316 საქმე განიხილა და 167 შუამდგომლობა, დასკვნა და რეკომენდაცია გასცა“, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნესომბუდსენმა ირაკლი ლექვინაძემ ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2018 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
პრეზენტაციაზე ირაკლი ლექვინაძემ სტუმრებს ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ 2018 წელს განხორციელებული პროექტებისა და 2019 წელს დაგეგმილი ინიციატივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
„2018 წელს ბიზნესომბუდსმენის აპარატში მსოფლიო ბანკის ჯგუფის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) საკონსულტაციო პროექტის მხარდაჭერით და შვეიცარიის ეკონომიკურ საკითხთა სახელმწიფო სამდივნოს (SECO) დაფინანსებით ელექტრონული პორტალი ამოქმედდა, რომლის გამოყენებითაც მეწარმეები ბიზნესომბუდსმენს ელექტრონულად უკავშირდებიან და თვალს ადევნებენ
ემოტანილი განცხადების სტატუსებსა და საქმის მიმდინარეობას.
ურთიერთობების ელექტრონული ფორმატის მეშვეობით ბიზნესომბუდსმენის აპარატს საქმიანობის ზუსტი სტატისტიკის წარმოების შესაძლებლობა მიეცა.
2018 წელს ბიზნესომბუდსმენის აპარატმა 316 საქმე განიხილა და 167 შუამდგომლობა, დასკვნა და რეკომენდაცია გასცა. გასულ წელს დასრულებული საქმეების 65%-ში ბიზნეოსმბუდსმენის პოზიცია სრულად ან ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული მომართვიანობის მაჩვენებლით, თბილისის შემდეგ, ყველაზე აქტიური აჭარის რეგიონია“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
მისივე თქმით, 2018 წელს, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით, რეგიონში ბიზნეოსბუდსმენის ოფისი გაიხსნა და ბიზნესომბუდსმენის მუდმივი წარმომადგენელი დაინიშნა.
„2018 წლის მომართვიანობის სტატისტიკის მიხედვით, ბიზნესომბუდსმენის აპარატს კერძო სექტორი ყველაზე ხშირად ფინანსთა სამინისტროსთან და სამინისტროში შემავალ სტრუქტურებთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს. ბიზნესსექტორში არსებული პრობლემების და გამოწვევების შესახებ ინფორმაციის გაცვლის, შესწავლის და შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი პერიოდულ შეხვედრას ატარებს კერძო სექტორის და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებთან.
აღნიშნული მიმართულებით 2018 წელს 1008 შეხვედრა გაიმართა, მათ შორის 40-მდე – ორგანიზაციებთან.
გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, 2018 წელს საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატმა სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან (საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, საქართველოს კონკურენციის სააგენტო, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება(DVW)) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
აღსანიშნავია, რომ 2018 წელს საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატასთან, მსოფლიო ბანკის ჯგუფის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) და USAID-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ პარტნიორობის ფარგლებში, რეგიონებში ბიზნესის წარმომადგენლებთან ორ ეტაპად (2018 წლის აპრილსა და ნოემბერში) შეხვედრები გამართა.
ირაკლი ლექვინაძის ინფორმაციით, შეხვედრებზე საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის თანამშრომლებმა რეგიონული ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ბიზნესომბუდსმენის ოფისის საქმიანობის ანგარიში და დაგეგმილი სიახლეები გააცნო.
„ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების, ინფორმაციის გაცვლისა და ინსტიტუციური მშენებლობის მიზნით, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებსა და უცხოელ ინვესტორებთან.
2018 წელს საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ორგანიზებულ 20-მდე მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციასა და ფორუმში.
მიმდინარე წლიდან ბიზნესომბუდსმენის აპარატი იღებს ლიდერის როლს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) რეკომენდაციების მიხედვით, შემუშავებულ 2019-2020 წლების ეროვნულ ანტიკორუფციულ სამოქმედო გეგმაში ბიზნესის კეთილსინდისირების მიმართულებით“, – აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.
ანგარიშის პრეზენტაციის ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) რეგიონული მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, კერძო სექტორის, ბიზნეს ასოციაციების, ეკონომიკური გაერთიანებების, სავაჭრო-სამრეწველო პალატების, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები