“Fitch-ის რეიტინგში წინსვლა ამყარებს საქართველოს, როგორც რეგიონის ლიდერის პოზიციას”

„Fitch-ის რეიტინგში წინსვლა ამყარებს საქართველოს, როგორც რეგიონის ლიდერის და გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეფორმატორი ქვეყნის პოზიციას, საქართველო ხდება რეგიონით დაინტერესებული ქვეყნებისთვის და ორგანიზაციებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი დასაყრდენი და პარტნიორი”, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი FitchRatings-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების შეფასებისას.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, რეიტინგის გაუმჯობესება ხაზს უსვამს მიმდინარე რეფორმების წარმატებას და ქვეყნის დივერსიფიცირებული განვითარების მოდელის სისწორეს, ამყარებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საქართველოს გამორჩეულ როლს, რაც საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის განვითარების კიდევ ერთი გარანტია.
„ჩვენთვის, როგორც ეკონომიკური დიპლომატიის განმახორციელებელი უწყებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი გავლენიანი დამოუკიდებელი კომპანიის მიერ ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების სისწორის აღიარება, მიღწეული შედეგების შეფასება და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე პოზიტიური პროგნოზის გამოცხადება. აღნიშნული წარმატება უფრო მეტი, სხვადასხვა სიდიდის და მნიშვნელობის პროექტების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა, ამაღლებს ქვეყნის მიმართ ნდობას, რაც ხელს უწყობს ახალი პარტნიორების წარმოჩენას და არსებულ პარტნიორებთან პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, სამეცნიერო-ჰუმანიტარული ურთიერთობების განვითარების კუთხით ახალ პერსპექტივებს აჩენს”, – აღნიშნავს ალექსანდრე ხვთისიაშვილი.
ცნობისთვის, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ FitchRatings გამოაქვეყნა რელიზი საქართველოსთვის სარეიტინგო მაჩვენებლის გაუმჯობესების შესახებ. საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი ნიშნულით, „BB-“-დან „BB”-მდე გაუმჯობესდა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურად შეფასდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები