მაია ფანჯიკიძე საქართველოს საპატიო კონსულებს შეხვდა

საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საპატიო კონსულებთან შეხვედრა გაიმართა, რომლებიც საზღვარგარეთ საქმიანობენ. საპატიო კონსულები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და სამინისტროს ხელმძღვანელობას შეხვდნენ.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საპატიო კონსულების ინსტიტუტის მნიშვნელობას, კონსულების მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს, სამომავლო საქმიანობის საკითხებს. სამინისტროს ხელმძღვანელობამ საპატიო კონსულებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ხელისუფლების საქმიანობის, ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმების, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ.
ერთ-ერთი დავალება, რომელიც საქართველოს საპატიო კონსულებმა საგარეო უწყებისაგან მიიღეს, ინვესტიციების მოზიდვის საკითხზე მუშაობაა.
“საპატიო კონსულების შეკრება საგარეო საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი ახალი ინიციატივაა, რომელიც გვსურს, რომ ტრადიციად დამკვიდრდეს და ყოველწლიურად გაიმართოს. საქართველოს ჰყავს 21 საპატიო კონსული და მათგან ცამეტი ჩამოვიდა საქართველოში”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
დღესვე საპატიო კონსულები დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ ქართული დიპლომატიის ისტორიაში საქართველოს საპატიო კონსულების შეკრება პირველად ხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები