საგარეო უწყება: აშშ-ის ბიუჯეტში საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარება გაიზარდა

 

2019 ფისკალური წლის აშშ-ის ბიუჯეტში საქართველოსთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნებები გაზრდილია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
“გამოქვეყნდა აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი (FY19 Consolidated Appropriations Act), იგივე აშშ-ს 2019 ფისკალური წლის ბიუჯეტი, რომელიც მნიშვნელოვან ჩანაწერებს შეიცავს საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების განმტკიცების თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ კანონი საქართველოსთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნებების მნიშვნელოვან ზრდას ითვალისწინებს.
ტექსტის თანახმად, აღნიშნული კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერცერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა ვერ ისარგებლებს, თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები. აგრეთვე, ხსენებული კანონით გამოყოფილი რაიმე დაფინანსება არ შეიძლება გამოყენებულ იქნას რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის მხარდასაჭერად.
კანონპროექტი მოუწოდებს აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტს შესაბამისი ინსტრუქცია მისცეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების აშშ-ის აღმასრულებელ დირექტორებს, რათა მათ მხარი არ დაუჭირონ ნებისმიერი იმ პროგრამის დაფინანსებას (სესხის, კრედიტისა და გარანტიის ჩათვლით), რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის კონგრესს მესამე წელია აღნიშნული ჩანაწერი აშშ-ის საკანონმდებლო აქტში შეაქვს, რაც აშშ-ის მიერ საქართველოსადმი დიდ ყურადღებასა და მტკიცე მხარდაჭერაზე მიანიშნებს.
ამას გარდა, ხაზგასასმელია, რომ აქტი “რუსეთის ზეგავლენის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდი”-ის ფარგლებში, ითვალისწინებს არანაკლებ 275 მლნ აშშ დოლარის გამოყოფას ევროპისა და ევრაზიის ქვეყნების, მათ შორის, საქართველოსთვის, სამართალდამცავი და უსაფრთხოების ძალების შესაძლებლობების განვითარებისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-სა და ნატო-სთან თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით. აქვე, აღნიშნულია, რომ დაფინანსების ნაწილი უნდა მოხმარდეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებებისა და სავაჭრო შეთანხმებების შესრულებას, ასევე, საგარეო ეკონომიკური ფაქტორების ზეგავლენისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის შემცირებას.
რაც შეეხება საქართველოსთვის გამოყოფილ დაფინანსებას, აშშ-ის ბიუჯეტის სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამები (FY19 SFOPs) ითვალისწინებს საქართველოსთვის გაზრდილ დახმარებას და შეადგენს $127, 025,000 მლნ დოლარს. აღსანიშნავია, რომ ეს თანხა 22 მლნ. აშშ დოლარით აღემატება 2018 ფისკალური წლით გათვალისწინებულ დაფინანსებას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

https://l.facebook.com

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები