პროექტ „ჩვენი ჯარის“ მესამე ეტაპი დაიწყო (ფოტოკოლაჟი)

პროექტ „ჩვენი ჯარის“ მესამე ეტაპი დაიწყო. პროექტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე სამხედრო მოსამსახურეები ქალაქ თბილისის 161-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ.
როგორც “კვირას” თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, უწყების მინისტრმა ყურადღება პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
ლევან იზორიას განცხადებით, პროექტი ერთიანი პოლიტიკის ნაწილია, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის საქმეში საზოგადოების მაქსიმალურ ინფორმირებულობასა და ჩართულობას გულისხმობს. მან საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნებში ვიზიტისას, ნატოს შტაბ-ბინასა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე უცხოელმა კოლეგებმა ქართველ ჯარისკაცებს უმაღლესი შეფასება მისცეს.
ღონისძიებაზე სამხედრო მოსამსახურეებმა შეიარაღებული ძალების შესახებ გაცნობითი ხასიათის პრეზენტაცია წარადგინეს. თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა უფროსკლასელებს სამხედრო კარიერული განვითარების პერსპექტივებიც გააცნეს. მათ მოსწავლეებთან საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიის, მიზნებისა და ამოცანების, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების, სავალდებულო და საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის, რეზერვისა და მობილიზაციის კონცეფციის, შეიარაღებულ ძალებში განათლების შესაძლებლობების, ნატო-საქართველოს ურთიერთობების, საერთაშორისო მისიებსა და საერთაშორისო სწავლებებში საქართველოს მონაწილეობის შესახებაც ისაუბრეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოგვიანებით, თავდაცვის მინისტრი პროექტში ჩართულ სამხედრო მოსამსახურეებსაც შეხვდა და მათ მადლობის სიგელები გადასცა.
უწყების ცნობით, პროექტს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს.
პროექტი 2018 წელს, საქართველოს მასშტაბით, ორ ეტაპად განხორციელდა. “ჩვენი ჯარის” მესამე ეტაპი 18 თებერვლიდან 28 მარტის ჩათვლით საქართველოს 9 რეგიონის (აჭარა, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი, იმერეთი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, თბილისი, კახეთი) 300-მდე სკოლას მოიცავს.
პროექტი “ჩვენი ჯარი” მიზნად მოზარდებში საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები