ნინო ჩხიკვიშვილის წერილების ახალი კრებულის – „ფსიქოლოგიური თეატრის“ წარდგენა გაიმართება
15 თებერვალს, 19:00 საათზე, მარჯანიშვილის თეატრის ფოიეში, ნინო ჩხიკვიშვილის ახალი წიგნის – „ფსიქოლოგიური თეატრის“ წარდგენა გაიმართება. წიგნი გამომცემლობა „სამშობლომ“ დაიბეჭდა. რედაქტორია თეატრმცოდნე – მარიკა წულაძე.
მარიკა წულაძე, თეატრმცოდნე:
„ყოველთვის რთულია აღიარებულ, თან საერთაშორისო მასშტაბით აღიარებულ შემოქმედზე წერა. სხვა სირთულეებთან ერთად, აქ, გასათვალისწინებელია პიროვნული მომენტიც – ხელოვანმა მომავალი ავტორი უნდა „მიგიშვას“ ახლოს თავის სულიერ, თუ შემოქმედებით სამყაროსთან. ნინო ჩხიკვიშვილი კი ის ავტორია, რომელიც თემურ ჩხეიძემ „თავისიანად“ ცნო. ამის დასტურია მის მიერ უკვე გამოცემული საინტერესო და საჭირო წიგნები: ნინო ჩხიკვიშვილი – „საუბრები თემურ ჩხეიძესთან“ – (2010წ.) და ნინო ჩხიკვიშვილი – „თემურ ჩხეიძის ავტოგრაფი“ (2013 წელი).
ბ–ნი თემური 75 წლის გახდა! და გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო, რომ ისევ ნინო ჩხიკვიშვილს მოუხდა ამ თარიღთან დაკავშირებით ახალ ნაშრომზე მუშაობა…
ავტორის ტექსტი წერილების კრებულია – ნინო ჩხიკვიშვილის ფიქრების, აზრების ერთობლიობა, რომელიც ფსიქოლოგიური თეატრის მაესტროს სპექტაკლებმა, შემოქმედებამ გამოიწვია. ერთი შეხედვით, თითქოს, ეკლექტურია, გაფანტულია, რეჟისორის შემოქმედების ქრონოლოგიური თანამიმდევრობისგან განსხვავებულად აგებული.
იგი არ არის ტრადიციული. თეატრთმცოდნეობითი გაგებითაც – მონოგრაფია, მაგრამ, ნაშრომის ღირებულების თვალსაზრისით, თამამად უნდა აღინიშნოს, რომ, ჩვეულებრივი მკითხველისთვის, რომელსაც არ გააჩნია ამბიცია, ნაშრომში ამოიკითხოს ყოვლისმომცველი, ამომწურავი თეატრთმცოდნეობითი ანალიზი, იგი იკითხება საინტერესოდ, ადვილად – ზოგიერთ ადგილას ძალიან კარგი, ხანდახან კი ძალზე საგულისხმო, ავტორისეული ნააზრევის, ჩხეიძის შემოქმედებიდან ამოკითხულისა და, ზოგიერთ შემთხვევაში, ბრწყინვალედ „წაკითხული“ სპექტაკლის გაცნობით. მთლიანობაში კი, შთაბეჭდილება იქმნება ბ–ნი თემურის პიროვნებაზე, მის შემოქმედებაზე, ინდივიდუალობასა და ღირებულებებზე.
ასე რომ, წერილების ფორმით, ნინო ჩხიკვიშვილი აღწევს ძირითად მიზანს – ორიგინალურად „დახატოს“ 75 წლის თემურ ჩხეიძის დიდი პორტრეტი.
დიახ, ორიგინალურად“!
წარდგენა გაიმართება მარჯანიშვილის თეატრისა და კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით.