პრემიერმა ახალციხეში კოალიციის მერობისა და გამგებლობის კანდიდატები წარადგინა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ახალციხეში კოალიცია “ქართული ოცნების” მერობის და გამგებლობის კანდიდატები წარადგინა. “ქართული ოცნებიდან” ახალციხის მერობის კანდიდატია გიორგი კოპაძე , ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატად ზაზა მელიქიძე დასახელდა.
ბორჯომის გამგებლობის კანდიდატია დიმიტრი ყიფიანი, ადიგენის – ზაქარია ენდელაძე; ასპინძის – ლევან ცაბაძე, ახალქალაქის – ედუარდ აღასარიანი, ნინოწმინდის – გაგი კარსლიანი.
“არჩევნების შემდეგ ქალაქის მმართველობა თქვენს ხელში გადმოდის. ახალციხელებს გეძლევათ დიდი შესაძლებლობები, იმისათვის, რომ თავად მოუაროთ თქვენს ქალაქს. სწორედ ახლა გეძლევათ საშუალება, აირჩიოთ სასურველი მერი. 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ თქვენ პირველად გეძლევათ შესაძლებლობა, აირჩიოთ რაიონების გამგებლებიც. თქვენ საშუალება გეძლევათ, თვითონ განსაზღვროთ, რა სჭირდება თქვენს სოფელს, რაიონსა და ქალაქს. თქვენ შესაძლებლობა გექნებათ აკონტროლოთ და მოსთხოვოთ პასუხი არჩეულ მერსა და გამგებლებს. სწორედ ასე ხდება ხალხის მონაწილეობა ქვეყნის მართვაში და განვითარებაში. ხელისუფლებამ და ხალხმა ერთად უნდა ვმართოთ და ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. ამიტომ, მოგიწოდებთ, რომ იაქტიუროთ, მობრძანდეთ არჩევნებზე და მხარი დაუჭიროთ “ქართული ოცნების” კანდიდატებს. კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” სამცხე-ჯავახეთში ძალიან კარგი კანდიდატები შეარჩია. ისინი პროფესიონალები არიან და, რაც მთავარია, ხალხში კარგი რეპუტაციით სარგებლობენ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი წარმომადგენლები დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებენ თვითმმართველობის არჩევნებში”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა კანდიდატების წარდგენისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები