„პატარა ადამიანების დიდი ზღაპრული წარმოდგენა“ – მოსკოვის ლილიპუტების ცირკი საქართველოში ჩამოდის

მსოფლიოში ერთადერთი და განუმეორებელი მოსკოვის ლილიპუტების ცირკი საქართველოში პირველად ჩამოდის. „პატარა ადამიანების დიდი ზღაპრული წარმოდგენა“ – ასე ჰქვია თეატრალიზებულ-საცირკო სანახაობას, რომელსაც 30 მარტს ქუთაისელები, 31 მარტს კი თბილისელი მაყურებელი იხილავს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, თეატრალიზებულ-საცირკო სანახაობაში ყველაზე პატარა ადამიანები მონაწილეობენ დსთ-ში… დასი 36-40 ნომრით წარდგება ქართველი მაყურებლის წინაშე. პროგრამა თითქმის ყველა საცირკო ჟანრს მოიცავს – ზღაპრულ ფერად აკრობატულ ნომრებს, კლოუნადას, ილუზიას, ბუფონადის სერია… „საცირკო ჟანრები თეატრს დავუკავშირეთ და ქართველ მაყურებელს თეატრალიზებული შოუს შევთავაზებთ“, – აცხადებენ ორგანიზატორები.
ისინი ამბობენ, რომ „პატარა ვარსკვლავების“ კეთილი საცირკო სანახაობა აღაფრთოვანებს არა მხოლოდ ბავშვებს, მათ მშობლებს, ბებიებსა და პაპებს. „რა სჯობს ოჯახურ გარემოში, პატარებთან ერთად, კეთილი ცირკის ჯადოსნურ სამყაროში სასიამოვნო წუთების გატარებას. აჩუქეთ საკუთარ თავს და ერთმანეთს ჯადოსნური დღესასწაული“.
ცირკის იმ კოლექტივს, რომელიც საქართველოში ჩამოვა, 25 წლის ისტორია აქვს. მისი დამაარსებელი, რეჟისორი და მხატვრული ხელმძღვანელია ინულია სუშკოვა, რომელიც თავად არის ყველა ნომრის ავტორიც.
აღსანიშნავია, რომ წარმოდგენებში ცხოველები არ მონაწილეობენ, რადგან დასის მესვეურთა თქმით, ისინი გმობენ ძალადობას ცხოველებზე.
ასე რომ, 30 მარტს მოსკოვის ლილიპუტების ცირკი ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრის სტუმარია, ხოლო 31 მარტს დასი თბილისის საკონცერტო დარბაზ „მოზაიკაში“ წარდგება.
მოსკოვის ლილიპუტების ცირკი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ხშირად მართავს გასტროლებს და საერთაშორისო ჯილდოებიც მიუღია. თეატრის ყოველი მსახიობი, როგორც პლანეტის ყველაზე პატარა ადამიანი, „გინესის რეკორდების წიგნშია“ შესული.
მოსკოვის ლილიპუტების ცირკი, თეატრალიზებულ-საცირკო სანახაობით, 6-7 აპრილს, აზერბაიჯანის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სცენაზე წარდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები