ჯეკ შეპარდის ადვოკატი: შესაძლოა, ბრალდებულმა სასჯელი საქართველოში მოიხადოს
ბრიტანეთის მოქალაქის, ჯეკ შეპარდის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის ინფორმაციით, შესაძლოა დააყენონ შუამდგომლობა, ექსტრადირება არ განხორციელდეს და ბრალდებულმა სასჯელი საქართველოში მოიხადოს.
მისივე თქმით, მანამდე სასამართლო დაკავებულის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს.
„ვიდრე ექსტრადირება მოხდება, დარჩება თუ არა პატიმრობაში, ვინაიდან იგი თვითონ ჩაბარდა, მოვითხოვთ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ შეეფარდოს. დაცვის მხარის მთავარი არგუმენტი ის იქნება, რომ ექსტრადირების შემთხევაში, შესაძლოა, მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს ან ციხეში არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდეს”, – აცხადებს მარიამ კუბლაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ჯეკ შეპარდი სამართალდამცველებს საკუთარი ნებით გუშინ ჩაბარდა.
მარიამ კუბლაშვილთან ერთად, ბრალდებულს ტარიელ კაკაბაძეც დაიცავს. ადვოკატები შეეცდებიან გამოძიება დაარწმუნონ, რომ მომხდარი უბედური შემთხვევა იყო და მათი დაცვის ქვეშ მყოფს ტრაგედიაში ბრალი არ მიუძღვის.
ცნობისთვის, ბრიტანული მედიის ინფორმაციით, 31 წლის ჯეკ შეპარდს ახალგაზრდა ქალის მკვლელობა ედება ბრალად. 2015 წლის დეკემბერში ჯეკ შეპარდი საკუთარ კატერს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, სიჩქარის გადაჭარბების გამო, კატერი გადაბრუნდა, რასაც 24 წლის შარლოტა ბრაუნი ემსხვერპლა.
მამაკაცმა გოგონას დახმარება არ სცადა, სამაშველო სამსახური კი შეცდომაში შეიყვანა. სასამართლომ შეუცნობლად მკვლელობისა და გულგრილობის გამო, ბრალი წაუყენა და დაუსწრებლად 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.