„სილქნეტის“ “ჯეოსელისა” და „მაგთის“ აბონენტთა ნაწილისთვის ტარიფები იზრდება
კომპანია “სილქნეტი”, რომლის შემადგენლობაში ასევე შედის კომპანია “ჯეოსელი”, პირველი მარტიდან სატარიფო ცვლილებებს გეგმავს.
როგორც “სილქნეტში” აცხადებენ, ახალი საფასო პოლიტიკის შედეგად, როგორც ფიქსირებული, ასევე მობილური ქსელის აბონენტები გაუმჯობესებულ პაკეტებსა და მობილური ინტერნეტის გაზრდილ მოცულობებს მიიღებენ.
კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ზოგიერთ პაკეტთან დაკავშირებით ტარიფები იზრდება, მაგალითად: 5-ლარიანი პაკეტი „მეტი S“-ის ღირებულება შვიდი ლარი ხდება, თუმცა პაკეტში 100 MB ინტერნეტის ნაცვლად 300 MB, 100 SMS-ის ნაცვლად კი 300 SMS იქნება. ახალი პაკეტი მეტი M“ 15 ლარი გახდება, დღეის მდგომარეობით, მისი ღირებულება 10 ლარს შეადგენდა. „ახალი პაკეტი მეტი უსასრულო“ ნაცვლად 25 ლარისა, 30 ლარი ეღირება.
ამასთან, კომპანიაში აცხადებენ, რომ ამცირებენ მობილური ინტერნეტის ერთი მეგაბაიტის საშუალო ფასს, (ცვლილება ეხება ყველა პაკეტს), ასევე პაკეტებში შემავალი ინტერნეტის მოცულობის ამოწურვის შემდეგ მეგაბაიტის ფასი მცირდება 15 თეთრიდან 10 თეთრამდე. მობილური ინტერნეტის სტანდარტული ტარიფი მცირდება 70 თეთრიდან 10 თეთრამდე.
ასევე, უქმდება „სილქნეტის“ ოპტიკური ინტერნეტის მინიმალური, 26-ლარიანი პაკეტი და პაკეტის მინიმალური ფასი 30 ლარი ხდება.
ტარიფები ეზრდებათ “მაგთის” აბონენტებსაც, როგორც კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 18 თებერვლიდან მომხმარებელი „მარტივი 25“-ის ნაცვლად, განახლებულ პაკეტს „მარტივს“ მიიღებს. პაკეტ „მარტივის“ ფარგლებში, მოქალაქეები გაზრდილ მობილურ ინტერნეტს მიიღებენ და 1 000 მგ-ის ნაცვლად, ის 1 500 მბ იქნება. თუმცა გაიზრდება პაკეტის ფასიც და ის 25-ის ნაცვლად 30 ლარი იქნება.
იზრდება „მაგთის“ ოპტიკური ინტერნეტის მინიმალური პაკეტის ფასიც და 27 ლარის ნაცვლად, 30 ლარი ხდება.
მცირდება მობილური ინტერნეტის სტანდარტული ტარიფი :1 MB – 70 თეთრის ნაცვლად 10 თეთრი
ვრცლად იხილეთ შემდეგ ბმულებზე: https://www.magticom.ge