ნათია ფანჯიკიძე: მთავრობას უნდა მოვთხოვოთ, სოციალურად დაუცველ, ბავშვებიან ოჯახებში მშობლებს შეუქმნან დასაქმების პროგრამები
“მთავრობას უნდა მოვთხოვოთ, სოციალურად დაუცველ ოჯახებში, სადაც არიან ბავშვები, მშობლებს შეუქმნან დასაქმების პროგრამები” – ამის შესახებ ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
ამასთან ფანჯიკიძე გამოდის ინიციატივით, რომ თუ მშობლები უარს განაცხადებენ მუშაობაზე, როცა მუშაობის შესაძლებლობა იარსებებს და ბავშვის მათხოვრობით ან შრომით გადაწყვეტენ თავის რჩენას, სოციალური მუშაკების მეშვეობით, სახელმწიფომ იზრუნოს ბავშვებზე, მათ განათლებაზე, კვებაზე და ყველა სხვა აუცილებლობაზე.
“თუ რა თქმა უნდა, აღარ გვინდა ამდენი გლოვა, მთავრობას უნდა მოვთხოვოთ, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, სადაც არიან ბავშვები, მშობლებს შეუქმნან დასაქმების პროგრამები, თუნდაც ეს იყოს ქალაქის ახლოს სოფლის მეურნეობის შესაძლებლობა და იმ პროდუქტს გაუჩინონ ფასი იმპორტის შეზღუდვით, სხვას თუ ვერაფერს მოიფიქრებენ ქვეყანაში, სადაც თურმე “საქმე ცოტაა”.
იმ მშობლების ბავშვებზე, რომლებიც უარს განაცხადებენ მუშაობაზე, როცა მუშაობის შესაძლებლობა იარსებებს და ბავშვის მათხოვრობით ან შრომით გადაწყვეტენ თავის რჩენას (იქნება მცირე ნაწილი ასეთიც), ან იმ მშობლების ბავშვებზე, ვისი მშობლებიც ჯანმრთელობის გამო ვერ მუშაობენ, სოცმუშაკების მეშვეობით, იზრუნოს სახელმწიფომ განათლების, კვების და ყველა აუცილებლობის მხრივ. რასაც ვერ გასწვდება სახელმწიფო, შექმნან ფონდი, უშუალოდ ამ სეგმენტისთვის პირობების შესაქმნელად და დაგვიხმარონ მოსახლეობაც. ლარითაც რომ შევეწიოთ ყველა, მილიონები დაგროვდება. მოვთხოვოთ, პროგრამა წარმოადგინონ მალე, – სამი თვე ინტენსიური მუშაობა სრულიად საკმარისია ერთი საკითხის გადაწყვეტის გეგმის შექმნისთვის”, -წერს ნათია ფანჯიკიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.
ცნობისათვის, გუშინ, თბილისში, აფრიკის დასახლებაში, 12 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ბავშვი თხრილში ჯართის შესაგროვებლად ჩავიდა, ამ დროს მიწა ჩამოიშალა და ბავშვი ქვეშ მოიყოლა.