მამუკა ბახტაძე: კობი-გუდაურის საბაგირო პროექტის რეალიზაციით, შევძლებთ კობის, გუდაურისა და სტეფანწმინდის განვითარებას
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გუდაურში შეკრებილ საზოგადოებას კობი-გუდაურის ახალი, 7.5 კმ-იანი საბაგირო გზის გახსნა მიულოცა. მან, სიტყვით გამოსვლისას, საბაგიროს მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მან აღნიშნა, ეს პროექტი ხელს შეუწყობს იმ მნიშვნელოვანი გამოწვევის გადალახვას, რომელიც ყოველ ზამთარსაა, როდესაც კობი-გუდაურის საავტომობილო გზა იკეტება.
„მინდა, გულწრფელად მივულოცო ყველას, განსაკუთრებით კი ჩვენი კობის, გუდაურისა და ყაზბეგის მოსახლეობას, რადგან, ჩემი აზრით, სწორედ მათ ესმით ყველაზე კარგად ამ გზის შესაძლებლობები, პოტენციალი და ამავე დროს სასიცოცხლო მნიშვნელობა. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, ტურისტების რაოდენობა გუდაურში 500 პროცენტით გაიზარდა. ეს მართლაც ძალინ დიდი წარმატებაა, მაგრამ ეს საკმარისი არაა. ჩვენ გვსურს, რომ საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები იყოს საუკეთესო მსოფლიოში. გუდაური წელს ახალ სეზონს შეხვდა ბევრი სიახლით, მაგრამ ეს პროექტი მართლაც უნიკალურია. ეს არის ისტორიული მნიშვნელობის პროექტი. აღნიშნული პროექტის რეალიზაციის შედეგად, ჩვენ შევძლებთ კობის, გუდაურისა და სტეფანწმინდის განვითარებას. თუ ვნახავთ შვეიცარიისა და ავსტრიის საუკეთესო კურორტების წარმატებას, ჩვენმა კოლეგებმა სწორედ აღნიშნული სტრატეგიის რეალიზაციის მეშვეობით შეძლეს საუკეთესო შედეგების მიღწევა და დარწმუნებული ვარ, ჩვენც მივუახლოვდებით ევროპელი მეგობრების დონეს.
ტურისტული პოტენციალის ზრდასთან ერთად, ეს პროექტი დაგვეხმარება, გავუმკლავდეთ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევას, რომელიც გვაქვს ყოველ ზამთარს, როდესაც იკეტება კობი-გუდაურის საავტომობილო გზა. დღეიდან, თითოეული მოქალაქე შეძლებს, რომ დიდთოვლობის ან ზვავსაშიშროების დროს, ისარგებლოს აღნიშნული საბაგიროთი და შესაბამისად, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოვაგვაროთ ეს პრობლემა. რა თქმა უნდა, პრობლემა სისტემურად გადაწყდება 2023 წელს, როდესაც დავასრულებთ ცხრაკილომეტრიანი გვირაბის მშენებლობას, მაგრამ ამ წლების განმავლობაში კობი-გუდაურის საბაგირო გზის პროექტი დაგვეხმარება, რომ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევასაც. მსურს, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც პროექტის რეალიზაციაში მიიღო მონაწილეობა. მწამს, საქართველო აუცილებლად დაიმკვიდრებს ადგილს მსოფლიო რუკაზე, როგორც ყველაზე წარმატებული სამთო-სათხილამურო კურორტების ქვეყანა“, – განაცხადა პრემიერმა.