ჯაბუების 8-სულიან ოჯახს უკიდურესად უჭირს – მათ საზოგადოების დახმარება სჭირდებათ
ჩერნოვეცკის ფონდს დახმარებისთვის ზუგდიდის რაიონის სოფელ კოლხიდაში მცხოვრებმა ჯაბუების მრავალშვილიანმა ოჯახმა მიმართა, რომელიც სიღარიბის ზღვარზე იმყოფება. როგორც “კვირას” “ჩერნოვეცკის ფონდიდან” აცნობეს, 6 არასრულწლოვანი ბავშვი და მათი მშობლები პატარა სახლში ცხოვრობენ, სადაც მძიმე პირობებია. ერთი საწოლის, მწყობრიდან გამოსული მაგიდისა და რამდენიმე დამტვრეული სკამის გარდა, მათ არაფერი გააჩნიათ.
ვასიკო, ვერიკო, ვიკა, ლიკა, იკა და ალიკა – როგორ ფიქრობთ, რაზე ოცნებობენ ეს ბავშვები? ისინი ოცნებობენ, რომ სახლში საჭმელი ჰქონდეთ, რადგან კარგად იციან, რა არის შიმშილი და მშიერი დაძინება.
ჯონის, ბავშვების მამას, ფიზიკური სამუშაოების შესრულება არ შეუძლია. მან მარჯვენა ხელის თითები უბედური შემთხვევის შედეგად დაკარგა.
როდესაც ვერიკოს მძიმე დიაგნოზი დაუდგინეს – თირკმელების უკმარისობა, მამა სამუშაოდ თურქეთში გაემგზავრა, რათა შვილის მკურნალობისთვის აუცილებელი თანხა გამოემუშავებინა. სწორედ თურქეთის ერთ-ერთ საწარმოში მოხდა ის ტრაგედია, რამაც ახალგაზრდა კაცი დააინვალიდა.
ჯაბუებმა ყველაფერი გაყიდეს, ჭურჭელიც კი, რათა შვილის მკურნალობისთვის თანხა ეშოვნათ.
14 წლის ვერიკო განსაკუთრებულ მოვლას და სპეციალურ კვებას საჭიროებს. მას დღეში ოთხჯერ სჭირდება დიალეზი (ორგანიზმიდან ნარჩენი პროდუქტებისა და ჭარბი სითხის ხელოვნურად მოშორება, მაშინ, როდესაც თირკმელები ამას ვერ ახერხებს), თუმცა ოჯახს ისე უჭირს, რომ ხშირად პურის ფულიც კი არ გააჩნია.
-ვერიკო, პირველ რიგში, გამოჯანმრთელებას გისურვებთ. ახლა გვითხარი, რა არის შენი ოცნება?
-მერიდება ამის თქმა… მთელი დღე ვწევარ, ვერ ვდგები, ეზოში ვერ გავდივარ, სულ ვტირი… აი, ტელეფონი რომ მქონდეს, გადამივიდოდა ჩემი წუხილი ცოტათი მაინც…
-თამარ, გარდა ვერიკოს ჯანმრთელობისა, თქვენს ოჯახს კიდევ რა პრობლემები გააჩნია?
-სახლში ავეჯი პრაქტიკულად არ გვაქვს, გავყიდეთ ყველაფერი. ერთი საწოლი გვაქვს მარტო, რომელზეც 3 გოგონა წევს, დანარჩენები იატაკზე წვანან, რის გამოც ხშირად ავადმყოფობენ…
ვიკა, 11 წლის:
– საწოლის გარდა, არაფერი მინდა, არც სათამაშოები და არც კაბები. ვერიკო სულ აპარატზეა შეერთებული. ღამით ერთად გვძინავს და შემთხვევით ფეხს გავკრავთ. ვაწუხებთ ძალიან, მაგრამ თავად არაფერს ამბობს, აქეთ გვამშვიდებს, თუმცა ვიცი, რომ სტკივა…
ლიკა, 9 წლის:
-ჩვენ არც ტელევიზორი გვაქვს და არც სარეცხი მანქანა, დედიკო სულ ცივ წყალში რეცხავს ხელით…
დიახ, ჯაბუების ოჯახს დღეს ძალიან უჭირს. ისინი საჭიროებენ მედიკამენტებს, საკვებ პროდუქტებს, ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, საწოლებს, საოჯახო ნივთებს…
რა თქმა უნდა, ჩერნოვეცკის ფონდი დაეხმარება მათ, მაგრამ გაერთიანებული ძალებით, ჩვენ უფრო მეტს შევძლებთ! სამწუხაროდ, ჩვენ ირგვლივ მრავლადაა სიდუხჭირეში მცხოვრები ოჯახები, ამიტომ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი – ნუგეში, თანადგომა და დახმარება!
მოდით, გავუწოდოთ ჯაბუებს დახმარების ხელი, ამოვუდგეთ გვერდში ამ ძნელბედობის ჟამს! როდესაც გულში ჩაიკრავთ თქვენს საყვარელ პატარას, გახსოვდეთ, რომ სადღაც არიან ბავშვები, რომლებსაც შიათ და სცივათ, არ აქვთ საწოლი და მკურნალობისთვის საჭირო თანხა!
თანხის გადარიცხვა ჯაბუების ოჯახის მხარდასაჭერად შესაძლებელია ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ჯაბუების ოჯახი). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც https://chernovetskyifund.ge/ge/projects/405-jabua/?fbclid=IwAR3c70AlFfJuTkgfN0HIlunGiXu-jL_spJkgRey8aZf0h6bTQ7UiM7HMa10