ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ შესაძლოა, რუსეთთან გარკვეული სავაჭრო ურთიერთობები გადაიხედოს

   რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლის ალექსანდრე ლუკაშევიჩის განცხადებას ფეისბუქით ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, ასეთი ტიპის განცხადებები მთავრობას არათუ აშფოთებს, არამედ, პირიქით, აძლიერებს. მისივე აზრით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვალდებულია, დააყენოს თავდაცვითი საშუალებებით ქვეყნის აღჭურვის საკითხი პარტნიორების წინაშე.
“რუსეთმა 2008 წელს დაიპყრო საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე მეტი, ჩვენს მიწა-წყალზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კი საოკუპაციო ჯარები განალაგა. ყოველდღიურად, სომალელი მეკობრეების მსგავსად, რუსი სამხედროები იტაცებენ საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიებიდან მშვიდობიან მოქალაქეებს, ავლებენ მავთულხლართებს, არ უშვებენ ხალხს სალოცავებთან და საფლავებთან.
2014 წელს რუსეთმა მოახდინა ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსირება და განაგრძობს დესტრუქციულ ქმედებებს სუვერენული ქვეყნის – უკრაინის ტერიტორიაზე. სწორად ამიტომ და ბევრი კიდევ სხვა მიზეზის გამოისობით, როდესაც საოკუპაციო ჯარები დედაქალაქიდან 40 კმ-ის დაშორებით დგას, არათუ მისასალმებელია, არამედ, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვალდებულია, დააყენოს თავდაცვითი, ხაზს ვუსვამ – თავდაცვითი საშუალებებით ქვეყნის აღჭურვის საკითხი ჩვენი პარტნიორების წინაშე შესაბამის ფორმატებში გამართულ შეხვედრებზე”, – აცხადებს პეტრიაშვილი.
მისივე თქმით, საქართველოდან რუსეთში პროდუქციის შეტანა ნამდვილად არ წარმოადგენს რუსეთის მხრიდან ჰუმანიტარულ აქციას ან კეთილგანწყობის ჟესტს კარგი მოქცევისთვის.
“23 მილიონ ბოთლ ღვინოს ჩვენი ხათრით ერთმორწმუნე რუსები ნამდვილად არ სვამენ და არც მაგდენი ბორჯომი ენატრებათ დილაობით ტყუილად. ვერც ემბარგოთი შეაშინებს დღეს ვერავინ საქართველოს. ევროკავშირის მზაობა ყოველმხრივი თანადგომისა და მხარდაჭერისთვის სულ უფრო მეტად გამოკვეთილია კონკრეტულ ქმედებებში. ასე იქნება მომავალშიც”, – აცხადებს პეტრიაშვილი.
მისივე თქმით, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის მერე, მართლაც, შესაძლოა, რომ გადასახედი გახდეს სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებული გარკვეული საკითხები.
“ჩვენ მზად ვართ ამისთვის, მაგრამ არა ხელების ამოგრეხვით და შანტაჟით, არამედ ორ სხვადასხვა სავაჭრო სისტემაში, უფრო ზოგადად კი ღირებულებათა სისტემაში მყოფი სახელმწიფოების შესაბამისი სპეციალისტებისა და ექსპერტების დონეზე”, – აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.
მისივე თქმით, 27 ივნისს ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის 28 ქვეყნის მეთაურის თანდასწრებით მოაწერს ხელს ასოცირების შეთანხმებას.
“ასეთი ტიპის განცხადებები არათუ გვაშფოთებს, არამედ, პირიქით, გვაძლიერებს, ჩვენს მეგობრებს კი კიდევ უფრო მეტად აფხიზლებს. წარმატება ძალიან ახლოს არის და ჩვენ მას აუცილებლად ვიზეიმებთ 27 ივნისს, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის 28 ქვეყნის მეთაურის თანდასწრებით მოაწერს ხელს ასოცირების შეთანხმებას”, – აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა გუშინ განაცხადა, რომ მოსკოვს აშფოთებს საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას მოწოდება, საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განთავსებასთან დაკავშირებით. “ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი ნებისმიერ ფასად მიისწრაფვის ნატოში გასაწევრიანებლად. ჩვენ ძალიან გვაშფოთებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადება, რომელიც მან ვაშინგტონში გააკეთა საქართველოში ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსებასთან დაკავშირებით”, – აღნიშნა ლუკაშევიჩმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები