გია აბაშიძე: მკაფიოდ გვითხრან, რისი კანონის მიღება სურთ, უნდა განვასხვავოთ fake ნიუსებზე ვლაპარაკობთ, თუ ცილისწამებაზე

ანალიტიკოს გია აბაშიძის განცხადებით, ხელისუფლებამ მკვეთრად, მკაფიოდ უნდა განაცხადოს კანონის მიღება ე.წ. fake ნიუსებთან დაკავშირებით სურთ, თუ ცილისწამებასთან. ამის შესახებ აბაშიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ცილისწამება და დეზინფორმაცია სხვადასხვაა.
„2018 წლის ნოემბერში საფრანგეთის ხელისუფლებამ fake ნიუსებთან ბრძოლის კანონი მიიღო. ეს ეხება წინასაარჩევნო პერიოდში ყალბი ინფორმაციის გავრცელებას. სხვადასხვაა ცილისწამება და დეზინფორმაცია, fake ნიუსები. ამიტომ, ხელისუფლებამ მკვეთრად, მკაფიოდ უნდა გვითხრას, რისი მიღება სურთ. ჩვენ კი არ უნდა ვიმარჩიელოთ. კალაძე ლაპარაკობს fake ნიუსებზე, პარლამენტის თავმჯდომარე სხვა რაღაცაზე და ა.შ. საქართველოში ცილისწამება სისხლის სამრთლით აღარ არის დასჯადი 2004 წლიდან.
მე ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას, რომ ჩვენც მივიღოთ fake ნიუსებთან დაკავშირებული კანონმდებლობა ევროპული გამოცდილებით.
ჩვენს შემთხვევაში fake ნიუსები აღიქმება, მხოლოდ, თითქოსდა, რუსეთიდან მომავალი, ამ დროს შიდა მოხმარებაში fake ნიუსებს ვხედავთ ყველა მიმართულებით. გავიხსენოთ სოც ქსელებში რა ხდებოდა საპრეზიდენტო კანდიდატებთან მიმართებაში.
რაც ეხება ცილისწამებას – ნუღარ წავალთ უკან. მკაფიოდ გვითხრან, რისი კანონის მიღება სურთ, რომ დავიწყოთ ამაზე მსჯელობა. უნდა განვასხვავოთ fake ნიუსებზე ვლაპარაკობთ, თუ ცილისწამებაზე. ეს აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის, ცილისწამებაზე რაღაც კანონმდებლობა, ისედაც კარგი კანონი გვაქვს, მაგრამ fake ნიუსებზე აუცილებელიც კია, მივიღოთ. განსაკუთრებით, წინასაარჩევნო პერიოდში“, – განაცხადა აბაშიძემ.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლების მხრიდან რამდენჯერმე გაჟღერდა ინიციატივა ცილისწამების კუთხით არსებული კანონმდებლობის გამკაცრების აუცილებლობის შესახებ.
პირველად ამაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საახალწლო მილოცვაში ისაუბრა.
„ყველა გამოცდას თან ახლავს ცხოვრებისეული გაკვეთილი. იმისათვის, რომ ხვალ ვინც ამ გზას დაადგება, აღარ შეეხოს შეურაცხყოფა, ცილისწამება, სიძულვილის ენა. უნდა ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ კანონით ერთდროულად სიტყვის თავისუფლებაც და ადამიანის ღირსებაც, ისე, როგორც ეს ხდება ბევრ ქვეყანაში.
ასევე, უნდა ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ თავი ცრუ ინფორმაციისა და დეზინფორმაციისაგან, რათა საზოგადოებამ დაიბრუნოს სიმშვიდე და საფრთხე არ შეექმნას დემოკრატიას”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემაც გააკეთა.
„ყველა ვხედავთ ამ პრობლემას. აქ საუბარია არამარტო ცილისწამებაზე, არამედ მძიმე ფორმით შეურაცხყოფაზე, რაც ისმის ყოველდღიურად, როგორც სატელევიზიო სივრცეში, სოციალურ ქსელებში, ასევე, სხვა ფორმით და ბილწსიტყვაობაც კი გახდა ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი, სამწუხაროდ, რაც ნამდვილად არ შეესაბამება ქართულ კულტურას, ჩვენი საზოგადოების კულტურას. ჩვენი საზოგადოება დგას ბევრად უფრო მაღალ დონეზე, ვიდრე ეს ჩანს ხანდახან იმ სურათიდან, რომელსაც ქმნის ხანდახან მედია, ხანდახან სოციალური ქსელები და ა.შ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ბუნებრივია უნდა ვიმსჯელოთ ამ პრობლემაზე, ბილწსიტყვაობის, შეურაცხყოფის, ცილისწამების პრობლემაზე და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, თუ რაიმე ზომების მიღებაა შესაძლებელი, ეს ზომები უნდა მივიღოთ”- განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს კანონმდებლობით, ცილისწამება სისხლის სამართლის წესით 2004 წლიდან უკვე აღარ ისჯება და აღნიშნული „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირდება.
კანონის მიხედვით, ცილისწამება არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება. ნებისმიერ პირს შეუძლია, რომ მეორე პირის მიმართ ცილისწამებისთვის სამოქალაქო სამართლებრივი დავა დაიწყოს. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთიც სწორედ მოსარჩელეს ეკისრება.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები