ბექა ნაცვლიშვილი: გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას არავინ აპირებს

არავინ აპირებს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა ცილისწამების კუთხით არსებული კანონმდებლობის გამკაცრების შესახებ ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლების მიერ გაჟღერებულ ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ბექა ნაცვლიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ნაჩქარევად არ შეიძლება და ეს ძალიან კარგად უნდა იყოს გააზრებული.
„არ მგონია, ვინმე აპირებდეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ არავინ აპირებს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას.
ამ საკითხზე უნდა ვიფიქროთ ძალიან დიდ ხანს და ძალიან სკრუპულოზურად. ამას არ აქვს მხოლოდ იურიდიული განზომილება ,ამას აქვს მორალური განზომილება , შეიძლება ითქვას, გარკვეული Tვალსაზრისით ფილოსოფიური განზომილებაც კი აქვს. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ნაჩქარევად არ შეიძლება. ეს ძალიან კარგად უნდა გავიზაროთ როგორ გადაწყვეტილებას მივიღბთ, რომ არავითარ შემთხვევაში გამოხატვის თავისუფლება არ იყოს შეზღუდული. ცილისწამება არის ცუდი, ანგრევს მთლიანად პოლიტიკურ ცხოვრებას პოლიტიკური ცხოვრება გადაჰყავს უფრო ჭორების განზომილებაში“- განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ბოლო პერიოდში ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლების მხრიდან რამდენჯერმე გაჟღერდა ინიციატივა ცილისწამების კუთხით არსებული კანონმდებლობის გამკაცრების აუცილებლობის შესახებ.
პირველად ამაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საახალწლო მილოცვაში ისაუბრა.
„ყველა გამოცდას თან ახლავს ცხოვრებისეული გაკვეთილი. იმისათვის, რომ ხვალ ვინც ამ გზას დაადგება, აღარ შეეხოს შეურაცხყოფა, ცილისწამება, სიძულვილის ენა, უნდა ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ კანონით ერთდროულად სიტყვის თავისუფლებაც და ადამიანის ღირსებაც, ისე, როგორც ეს ხდება ბევრ ქვეყანაში.
ასევე, უნდა ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ თავი ცრუ ინფორმაციისა და დეზინფორმაციისაგან, რათა საზოგადოებამ დაიბრუნოს სიმშვიდე და საფრთხე არ შეექმნას დემოკრატიას”- განაცხადა ზურაბიშვილმა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემაც გააკეთა.
„ყველა ვხედავთ ამ პრობლემას. აქ საუბარია არა მარტო ცილისწამებაზე, არამედ მძიმე ფორმით შეურაცხყოფაზე, რაც ისმის ყოველდღიურად, როგორც სატელევიზიო სივრცეში, სოციალურ ქსელებში, ასევე სხვა ფორმით და ბილწსიტყვაობაც კი გახდა ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი, სამწუხაროდ, რაც ნამდვილად არ შეესაბამება ქართულ კულტურას, ჩვენი საზოგადოების კულტურას. ჩვენი საზოგადოება დგას ბევრად უფრო მაღალ დონეზე, ვიდრე ეს ჩანს ხანდახან იმ სურათიდან, რომელსაც ქმნის ხანდახან მედია, ხანდახან სოციალური ქსელები და ა.შ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ბუნებრივია უნდა ვიმსჯელოთ ამ პრობლემაზე, ბილწსიტყვაობის, შეურაცხყოფის, ცილისწამების პრობლემაზე და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, თუ რაიმე ზომების მიღებაა შესაძლებელი, ეს ზომები უნდა მივიღოთ”- განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს კანონმდებლობით, ცილისწამება სისხლის სამართლის წესით 2004 წლიდან უკვე აღარ ისჯება და აღნიშნული „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირდება.
კანონის მიხედვით, ცილისწამება არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება. ნებისმიერ პირს შეუძლია, რომ მეორე პირის მიმართ ცილისწამებისთვის სამოქალაქო სამართლებრივი დავა დაიწყოს. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთიც სწორედ მოსარჩელეს ეკისრება.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები