გია აბაშიძე: უპრიანი იქნებოდა, საქართველოს ხელისუფლებას უკრაინისთვის ეკლესიის ავტოკეფალია მიელოცა

ანალიტიკოს გია აბაშიძის განცხადებით, უპრიანი იქნებოდა, საქართველოს ხელისუფლებას უკრაინისთვის ეკლესიის ავტოკეფალია მიელოცა. ამის შესახებ აბაშიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„სასურველი და უპრიანი იქნებოდა საქართველოს ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელს უკრაინელი ხალხისთვის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება მიელოცა, რადგან ეს უკრაინაში უდიდესი ზეიმია, ისტორიული მომენტი დადგა.
უკრაინელ ხალხს მიულოცეს ქართული საზოგადოების წარმომადგენლებმა სხვადასხვა ფენიდან, იქნება ეს სასულიერო თუ საერო. რაც შეეხება ეკლესიის გადაწყვეტილებას – ვერანაირად შევეხები ამას, სრულიად სხვა სფეროა. ისინი უნდა ჩამოყალიბდნენ სინოდის ფორმატში.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ელოდებიან წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას. ხდება ხოლმე, რომ ეკლესია და ხელისუფლება ახლოსაა ერთმანეთთან. ალბათ, დაახლოებული არიან, ეკლესიას უმაღლესი ავტორიტეტი აქვს, ამას მტკიცება არ სჭირდება და ითვალისწინებენ მის აზრსაც. თავად სინოდშიც აზრთა სხვადასხვაობაა, თუ არ ვცდები უკვე სამმა მეუფემ გამოხატა თავისი ღია პოზიცია. ადრე თუ გვიან, საქართველოს ეკლესიას, ჩემი მოკრძალებული შეფასებით, ამის აღიარება მოუწევს იმიტომ, რომ ეს არის პროცესი“, – განაცხადა აბაშიძემ.
ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ, დღეს განაცხადა, რომ ეს არ არის მხოლოდ საეკლესიო საკითხი და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსირონ.
„თითოეული დღე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება უკრაინელ ხალხს არ ულოცავს ამ მოვლენას, რომელსაც პირდაპირი გავლენა აქვს საქართველოს მომავალზე, არის ზიანის მომტანი ჩვენი საერთაშორისო პოზიციებისთვის“, – განაცხადა ბოკერიამ.
აღნიშნულ საკითხს, ქადაგებისას 13 იანვარს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი გამოეხმაურა.
“პოლიტიკური ლიდერების მხრიდან მათი უკრაინელი კოლეგებისა და ხალხის მიმართ მილოცვაზე თავის შეკავება, არსებული ისტორიული და პოლიტიკური რეალობის პირობებში, ნამდვილად გულდასაწყვეტია და არ წარმოადგენს განსაკუთრებულ შორსმჭვრეტელურ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები, საპატრიარქოსა და ხელისუფლების პოზიციას არ დაელოდა და უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიის მინიჭება მიულოცა.
“ვულოცავ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ტომოსის გადაცემას და მიმაჩნია, რომ უკრაინა ღირსია ავტოკეფალური ეკლესია იყოს, რამეთუ იგი საუკუნეებია იბრძოდა მიეღო დამოუკიდებლობა და ავტოკეფალია, აგრეთვე, მათი სწრაფვა ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ერთობას კიდევ უფრო გააძლიერებს და უდიდეს ავტორიტეტს შესძენს”, – წერია მიტროპოლიტ იოსების განცხადებაში.
6 იანვარს სტამბოლში წმინდა გიორგის ტაძარში მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს ტომოსი ანუ ბრძანება გადასცა. ამით, ოფიციალურად გამოეყო უკრაინის ეკლესია რუსეთის ეკლესიას და ფორმალურად გაფორმდა ოქტომბერში მიღწეული შეთანხმება, ავტოკეფალიის მინიჭებაზე.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აღნიშნულ საკითხს 11 იანვრის პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა.
„დღეს, მე როგორც კერძო პირი არ გესაუბრებით, მე ვარ საქართველოს პრეზიდენტი და ამდენად, მაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ვფიქრობ, რომ საქართველოს ეკლესიამ, საპატრიარქომ ჩემზე ნაკლებად არ იცის და არ ანიჭებს მნიშვნელობას საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას, ჩემზე ნაკლებად არ იცის, რა მოჰყვა მას და რამდენად მნიშვნელოვანია. თუ საქართველოს ეკლესია და საპატრიარქო ფრთხილობენ რაღაცებს, რაღაც შედეგების გამო, რომელზედაც არ მინდა ახლა ხაზგასმა, მაგრამ ყველას გვესმის რას ეხება, არ შეიძლება, რომ, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ვიყო ნაკლებად პასუხისმგებელი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე “პირველი სიტყვა ეკლესიამ უნდა თქვას”. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები