„საინტერესოა, პროკურატურა თუ ატარებს დაკითხვას ანალიტიკოსთა ბოდვებზე“ – აბაშიძე ბესელიას პასუხობს

ანალიტიკოსი გია აბაშიძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას იმ განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან აბაშიძესთან დაკავშირებით გუშინ გააკეთა.
„ანალიტიკოსები აკეთებენ ხოლმე თავიანთ ვარაუდებს, განცხადებებს, პროგნოზებს, ზოგს ეს სიზმრად მიაჩნია, ზოგს ბოდვად, ზოგს დაკვეთილ დავალებად, ვის – როგორ. საინტერესოა, თავად პროკურატურა თუ აკეთებს ხოლმე გამოკითხვა-დაკითხვას ვარაუდებზე, ანალიტიკოსთა სიზმრებზე, ბოდვებსა და ა.შ“, – განაცხადა გია აბაშიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
საქმე ეხება აბაშიძის მიერ 2 იანვარს გავრცელებულ ინფორმაციას. ანალიტიკოსმა ეკა ბესელიას კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა. გია აბაშიძის ინფორმაციით, ეკა ბესელიამ დიდი ოდენობით ქრთამი ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილისგან აიღო, რათა მისი ბიზნესის პრობლემები მოეგვარებინა.
„წლებია არსებობდა მოარული ხმები, რომ ქალბატონი ბესელია ჯერ კიდევ ლადო ჭანტურიას თავმჯდომარეობის პერიოდიდან, გარკვეულწილად აგვარებდა რაღაც საქმეებს უზენაეს სასამართლოში. ამჯერად კი, ამ ახალი მოგვარების დამადასტურებელი ფაქტი არსებობს: “ჩეთემ ჰაუსის” ამ წყაროს ინფორმაციით, ეკა ბესელიამ კომპრომატების “მასწერ სპორტა” ზაზა ოქუაშვილისგან აიღო ქრთამი “ომეგას” მრავალმილიონიანი დავის მოსაგვარებლად. თუმცა, ეს დავა ვერ მოგვარდა და ბესელიას მოუწია ქრთამის ნაწილის დაბრუნება”, – წერდა აბაშიძე.
ამ განცხადებას გუშინ ბესელია პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა.
„ეს სიზმარი მოუყვეს პროკურატურას, დაკითხონ და წყარო დაასახელოს.
ის როგორც არის, ექსპერტის როლში საუბრობდა და ამაში ფულს იღებდა, ასეთმა ადამიანებმა უბრალოდ პასუხი აგონ“, – განაცხადა ბესელიამ.
როგორც აბაშიძე განმარტავს, ის სანდო წყაროზე დაყრდნობით საუბრობდა. ანალიტიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ მისი პროგნოზები ნაწილობრივ გამართლდა კიდეც – მმართველ გუნდში კრიზისი გამწვავდა.
„მე იმ სტატუსში მითითებული მქონდა ანონიმური, სანდო წყაროდან მიღებული ინფორმაცია ვარაუდის სახით, რომ არსებობს ასეთი ინფორმაცია გუნდში. მე 2 იანვარს დავწერე ვარაუდები და პროგნოზები, რა არის მოსალოდნელი გუნდში, რაც ნაწილობრივ გამართლდა კიდეც – საინატერესოდ და დინამიურად გამწვავდა პოლიტიკური კრიზისი მმართველ გუნდში, რაც ისედაც მოსალოდნელი იყო. გარდა ქალბატონი ბესელიასი, მმართველ გუნდში სხვებსაც აქვთ საწინააღმდეგო მოსაზრებები ამ ავადსახსენებელ სიასთან დაკავშირებით, თუმცა მათი გაკრიტიკება, მმართველი გუნდიდან ჩაჩოჩება ვერ ვიხილეთ დღის წესრიგში. ვიხილეთ ბატონ ივანიშვილის განცხადება, სადაც მან ღიად თქვა, რომ ქალბატონი ბესელია გუნდის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ჩემი აღქმით, მიაწერეს ბატონ ივანიშვილს, რომ მან დაიცვა და შეაქო პირობითად კობახიძის გუნდი, მე ასე არ მიმაჩნია. მან თქვა, რაც თქვა. მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებით, კარგია, რომ გადაიდო საგაზაფხულო სესიამდე განხილვა და საჭიროა, კრიტერიუმების შემუშავება.
ის, რაც ხდება გუნდში, არ არის ახალი საზოგადოებისთვის. კრიზისული მომენტები და ეტაპები, ჩემი შეფასებით და ვარაუდით, მმართველ გუნდში კიდევ გაგრძელდება“, – განაცხადა აბაშიძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები