„ყოველთვის მივესალმებით რუსეთის კონსტრუქციულ და პოზიტიურ პოლიტიკას“

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მისასალმებელია რუსეთის ხელისუფლების ოფიციალური პირების განცხადებები, რომ არ ჩაერევიან ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესში. ამ განცხადებით პრემიერი ალექსანდრე ლუკაშევიჩის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ახალმა მთავრობამ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება მოკლე დროში შეძლო.
“რაც ჩვენ მოვახერხეთ ამ ძალიან მოკლე დროში, არის, რომ რუსეთთან დავალაგეთ ურთიერთობები, მოვახდინეთ ურთიერთობების ნორმალიზება და იმ დაძაბულობის დეესკალაცია, რომელიც წლების განმავლობაში არსებობდა, განსაკუთრებით – ომის შემდეგ და მანამდეც. ალბათ იცით, რომ რუსეთი ძალიან კონსტრუქციულად აფასებდა და აფასებს ჩვენს კონსტრუქციულ პოლიტიკას. გვაქვს თანმხვედრი ნაბიჯები. ყოველთვის მივესალმებით მათ კონსტრუქციულ და პოზიტიურ პოლიტიკას”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილის თქმით, გუშინ მოვისმინეთ, რომ კიდევ დამატებით პროდუქციაზე მოიხსნა ემბარგო. პრემიერი მიიჩნევს, რომ გაუმჯობესდება არსებული პოზიტიური დინამიკა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა გუშინ განაცხადა, რომ მოსკოვს აშფოთებს საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას მოწოდება, საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განთავსებასთან დაკავშირებით.
“ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი ნებისმიერ ფასად მიისწრაფვის ნატოში გაწევრიანებას. ჩვენ ძალიან გვაშფოთებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადება, რომელიც მან ვაშინგტონში გააკეთა საქართველოში ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ლუკაშევიჩმა.
მისი თქმით, თავდაცვის მინისტრი უნდა ზრუნავდეს თავისი სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე და მინიმუმ, მხედველობაში უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების პრობლემები და მეზობელი სახელმწიფოები. “თბილისის რეალურ განზრახვებთან დაკავშირებით ჩვენ კითხვები გვიჩნდება, თუ რა აქვთ მხედველობაში და ვისგან უნდა დაიცვას ამ სისტემებმა”, – აღნიშნა ლუკაშევიჩმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები