სალომე ზურაბიშვილი: მემგონი არაფერი ისეთი არ არის მმართველ გუნდში, რაში ჩარევაც ევალება პრეზიდენტს

„ჩემი შესაფასებელი არ არის ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს მმართველი გუნდის შიგნით“, – ამ სიტყვებით უპასუხა ჟურნალისტის კითხვას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირების შესახებ.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, მას კარგი ურთიერთობა აქვს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან და ამაზე ღიად საუბარი უჭირს.
პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ მმართველი გუნდში შერიგება მოხდება და ეს დაპირისპირება უფრო მეტად არ განვითარდება.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანა უნდა დაწყნარდეს და გარკვეულ საკითხებზე კონსესუსი ჩამოყალიბდება.
„ჩემი შესაფასებელი არ არის ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს მმართველი გუნდის შიგნით. როგორ განვითარდება ეს პროცესები, ჩემი გადასაწყვეტი არ არის. მე თუ მეკითხებით ჩემს პირად გრძნობებს გუნდის რომელიმე წევრის მიმართ, ეს არ არის ის ადგილი, სადაც მე ჩემი პირადი ურთიერთობები უნდა გაგიზიაროთ რომელიმე წევრის მიმართ და სხვათაშორის, კარგი ურთიერთობები მაქვს ყველა მონაწილესთან, ვინც ჩაბმულია ამ პროცესებში. ერთადერთი იმას ვიტყოდი, რომ მოვედი როგორც საქართველოს პრეზიდენტი და დავიწყე საქმიანობა ამ ფუნქციაში იმ იმედით, რომ მე ვიქნებოდი ერთგვარი შერიგების პრეზიდენტი. იმედი მაქვს, რომ ის შერიგება, რომელიც სხვანაირად მქონდა წარმოდგენილი, ასევე გავრცელდება მმართველ გუნდზე და რომ ეს დღევანდელი პოლიტიკური დისკუსიები თუ დებატები ამ პროცესების ირგვლივ, არ გადაიქცევა რამე უფრო ღრმა დაპირისპირებად. იმაში კიდევ უფრო დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყანას მეტი დაწყნარება, მეტი კონსენსუსი სჭირდება მთავარ საკითხებზე და მემგონი, რომ სწორედ სასამართლო, მისი დამოუკიდებლობა და მის მიმართ ნდობა ერთ-ერთი საკითხია, რომლის ირგვლივ ყველა გაერთიანებული უნდა იყოს,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
გარდა ამისა, რომ სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ იგი მმართველი გუნდის დაპირისპირებაში არ ჩაერევა.
„ჯერ იმას, რომ არ ჩავერევი იმაში, რომ არ გავაღრმავო დღევანდელი დისკუსიები, რომელიც ასევე საჭიროა. არ შეიძლება, რომ მე ჩართული ვიყო ამ დისკუსიებში, მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ თუნდაც მმართველ გუნდში ამ ტიპის დისკუსიებია, ნორმალური და საჭიროა. არ არსებობს დემოკრატიული პროცესები, სადაც ასეთი რამ არ არსებობს. მე მხოლოდ ვიმედოვნებ, რომ ეს არ გადაიზრდება უფრო მძაფრ დაპირისპირებაში, რომელიც ამ ქვეყანას ნამდვილად არ სჭირდება. დღეს მემგონი არაფერი ისეთი არ არის, რაში ჩარევაც ევალება პრეზიდენტს. ჩვენ ომის პირას ნამდვილად არა ვართ,“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები