ნასოფლარ ბალიჭის არქიტექტურულ კომპლექსს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ნასოფლარ ბალიჭის მიდამოებში ახლადგამოვლენილ არქიტექტურულ კომპლექსს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
სტატუსი კომპლექსმა საზოგადოებრივი გაერთიანება „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ წევრების ინიციატივისა და თანამონაწილეობის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და კომპანია RMG-ის აქტიური თანამშრომლობის საფუძველზე მიიღო.
„გასული წლის შემოდგომაზე კომპანია RMG -ის თანამშრომლებისა და „საყდრისის კომიტეტის“ წევრების მიერ ძეგლის ფიქსაციის შემდეგ, სააგენტოს სპეციალისტებმა აქამდე უცნობი კომპლექსი სრულად აღწერეს.
განხორციელდა მისი ფოტოფიქსაცია და მომზადდა სათანადო დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი სააგენტოს გენერალური დირექტორის №02/29 ბრძანების საფუძველზე განესაზღვრა.
არქიტექტურული ნაგებობა კვირაცხოვლის ხევის ერთ-ერთ ტერასის მახლობლად, ხშირ ტყეში მდებარეობს. კომპლექსი, რომელიც სამლოცველოსა და სამი სხვადასხვა ზომის საცხოვრებელ-სამეურნეო ნაგებობას მოიცავს, წინასწარული კვლევის საფუძველზე XV-XVI საუკუნეებით თარიღდება.
კომპლექსის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ტაძარი მცირე ზომის დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს. ნატეხი ქვით კირდუღაბზე აშენებულ ნაგებობას შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილში აქვს, ხოლო მისი ნახევარწრიული აბსიდი დარბაზისგან მხრებითაა გამოყოფილი. აბსიდის ღერძზე მდებარე თაღოვანი სარკმელის ორივე მხარეს თაღოვანი ნიშებია გაკეთებული. ტაძრის საკურთხეველი დარბაზისგან ქვის ტიხრით არის გამოყოფილი. მისი შელესილობა მხოლოდ საკურთხევლის სარკმლის წირთხლებზეა შემორჩენილი.
ტაძრიდან დასავლეთით ხუთსენაკიანი ნაგებობის ნაშთია აღმოჩენილი. მისგან დასავლეთით რამდენიმე მეტრში კი მეორე, სამსენაკიანი ნაგებობაა. ორივე შენობა ნატეხი ქვით ტალახზეა ნაგები. მათი კედლების სისქე 1 მეტრს აღწევს. ახლომდებარედ გამოვლენილია ერთსენაკიანი ნაგებობის ნაშთიც.
სამომავლოდ, შესაძლოა, ახლად გამოვლენილი არქიტექტურული კომლექსის საკონსერვაციო სამუშაოები სააგენტოს მიერ შემუშავებული საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე კომპანია RMG-მ ფინანსურად უზრუნველყოს“, -აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.