ანგელა მერკელის და ასობით სხვა გერმანელი პოლიტიკოსის კომპიუტერები სტუდენტმა გატეხა
ადამიანი, რომელმაც ასობით გერმანელი პოლიტიკოსის ფოსტა და სოციალური ქსელის პირადი გვერდები გატეხა, მათ შორის კანცლერ ანგელა მერკელის და პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმიერის, 20 წლის გერმანელი სტუდენტი აღმოჩნდა. მისი ვინაობა მედიისთვის უცნობია. მომხდარის შესახებ ინფორმაციას გერმანიის პოლიცია ავრცელებს.
გერმანიის კრიმინალური ფედერალური პოლიციის ინფორმაციით სტუდენტი კვირას დააკავეს, მან აღიარა, რომ ჯერ კიდევ გასულ წელს გამოაქვეყნა ყველა ეს მონაცემი “ტვიტერის” ანონიმურ გვერდზე. ინფორმაციის გადინება მხოლოდ რამდენიმე დღის წინ აღმოაჩინეს სამართალდამცველებმა.
პოლიციის განცხადების თანახმად, დამნაშავე მშობლებთან ერთად ჰესენში ცხოვრობს და ის მარტო მოქმედებდა.
“მან თქვა, რომ მონაცემები იმიტომ გამოაქვეყნა, რომ რამდენიმე მათგანის, ვის მონაცემებსაც ფლობდა, განცხადებები არ მოსწონდა”, – განუცხადა ჟურნალისტებს პროკურატურის ინტერნეტდანაშაულებთან ბრძოლის ქვედანაყოფის პრესსამსახურის უფროსმა, გეორგ უნრეფუკმა.
შეგახსენებთ, რომ “Twitter-ში” გამოქვეყნდა ტელეფონის ნომრები, მისამართები და ასევე, შიდაპოლიტიკური დოკუმენტები. გარდა ამისა, გამოქვეყნებული იყო რამდენიმე პოლიტიკოსის პასპორტის ქსეროასლები, ინფორმაცია მათი ოჯახის წევრების საკრედიტო ბარათების შესახებ და მიმოწერა ნათესავებთან.