„გრძელვადიანი პერსპექტივა: საქართველოს კონფლიქტები საერთაშორისო კონტექსტში“ – საჯარო ლექცია გაიმართება
10 იანვარს, 17:00 საათზე, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისში მკვლევრის, ბრიტანელი ჟურნალისტისა და მწერლის, თომას დე ვაალის საჯარო ლექცია – „გრძელვადიანი პერსპექტივა: საქართველოს კონფლიქტები საერთაშორისო კონტექსტში“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისში განუცხადეს, თომას დე ვაალი თავის საჯარო ლექციაში გააანალიზებს, თუ როგორ შეიცვალა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კონფლიქტები წლების განმავლობაში, ასევე მიმოიხილავს, თუ როგორ შეიცვალა საერთაშორისო კონტექსტი, განსაკუთრებით – რუსეთის და ევროპის როლი.
კონფლიქტების მიმართ საერთაშორისო ინტერესი ყველაზე მაღალი 2000-იანი წლების შუა პერიოდში იყო და, იქიდან მოყოლებული, ამ ინტერესმა თანდათანობით იკლო. სხვა მოვლენებმა, მაგალითად ომმა უკრაინაში, შეცვალა კონფლიქტების აღქმა. „გრძელვადიანი პერსპექტივა“, რომელიც გაჭიანურებულ კონფლიქტს დროის გასვლასთან ერთად თან სდევს, მოიცავს როგორც შესაძლებლობებს, ასევე გამოწვევებს. ერთი მხრივ, დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტი საერთაშორისო დღის წესრიგის პრიორიტეტულ საკითხებში ნაკლებად ხვდება და რისკებიც დავიწყებულია. მეორე მხრივ, დროის გასვლა საშუალებას აძლევს აქტორებს, იმუშაონ უფრო პრაქტიკული ნაბიჯების შემუშავებაზე და დაიწყონ წარსულში გადატანილი ტრავმების დაძლევა.
მისამართი: ზოვრეთის 38, თბილისი, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისი ოფისი.