კასპის რაიონის გუდალეთის ნასოფლარ ვარჯაანის დარბაზული ეკლესიის რესტავრაცია დასრულდა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდალეთის ნასოფლარ ვარჯაანის დარბაზული ეკლესიის სარესტავრაციო პროცესი დასრულდა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ფიზიკური სამუშაოების მიმდინარეობისას, არქეოლოგიური ზედამხედველობის ქვეშ, ეკლესიის მთელი პერიმეტრი გაიწმინდა გაველურებული მწვანე საფარისაგან. ტაძრის მინაშენის ინტერიერში კი ხელით მოიჭრა მიწაყრილის სქელი ფენა.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ეკლესიის ექსტერიერის ოთხივე ფასადზე გადაეწყო და კირდუღაბის ხსნარზე აღდგა საპირე წყობა. ფასადისა და ინტერიერის მხრიდან ნაწილობრივ შემორჩენილი ავთენტური ქვების გამოყენებით აშენდა ახალი კედლები. ტაძრის სახურავი ხის განახლებულ კონსტრუქციაზე ქართული კრამიტით გადაიხურა.
ტაძრის ამბიონის ასასვლელზე ნიჩბისის ქვა დაეგო. კლდის ნატეხი ქვების გამოყენებით კი მოეწყო იატაკი. ხის მასალითა და ლითონის ელემენტებით დამზადდა და დამონტაჟდა ეკლესიის კარი.
ვარჯაანის დარბაზული ეკლესიის სარესტავრაციო სამუშაოები შპს „ანდამატმა“ განახორციელა.