სს “ქართული ლუდის კომპანია” 2019 წელს სიახლეებს აანონსებს – ინტერვიუ კომპანიის გენდირექტორთან

2018 წელი სს “ქართული ლუდის კომპანიისათვის” საკმაოდ წარმატებული იყო. თუმცა კომპანიის მენეჯმენტი არსებული მიღწევებით არ კმაყოფილდება და 2019 წლისთვის ბევრ სიახლეს აანონსებს. უფრო კონკრეტულად თუ როგორი იყო კომპანიის ფინანსური წელი და რა სიახლეები ელოდება მომხმარებელს, დეტალებზე სს “ქართული ლუდის კომპანიის” გენერალური დირექტორი კახა კოტრიკაძე საუბრობს:

ბატონო კახა, სსქართული ლუდის კომპანია“ როგორ აფასებს 2018 ფინანსურ წელს? როგორი მაჩვენებლებით დაასრულა კომპანიამ 2018 წელი?

2018 წელი კომპანიისათვის საკმაოდ საინტერესო იყო. ჯერ კიდევ ცხელ-ცხელი ამბავია ის, რომ სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ მოახერხა 5-წლიანი ობლიგაციების გამოშვება და განთავსება საქართველოს საფონდო ბირჟაზე.

მთლიანობაში 25 მლნ ლარის ობლიგაციები გამოვუშვით, რაც თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ კომპანიის ფინანსური მდგომარეობაც, სიჯანსაღე და ნდობა ინვესტორების მხრიდან არის მაღალი. ამ ქმედებით სს „ქართული ლუდის კომპანია“ სულ სხვა ეტაპზე გადავიდა, რადგანაც 2019 წლის 1-ელი იანვრიდან ის საზოგადოებრივი ინტერესის მქონე კომპანია ხდება.

ეს კი ნიშნავს იმას, რომ ის ანგარიშვალდებული იქნება, რომ საკუთარი მიღწევები და ფინანსური მაჩვენებლები ყოველკვარტლურად საქართველოს ეროვნულ ბანკთან, საფონდო ბირჟასთან და ინვესტორებთან დაადეკლარიროს.

მიმდინარე წელი კომპანიამ წარმატებით დახურა. ინფორმაცია კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებზე უკვე გასაჯაროებულია და მასზე წვდომა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს.

როგორია კომპანიის პოზიციონირება ადგილობრივ ბაზარზე? თქვენი შეფასებით ზოგადად მზარდია თუ არა ლუდისა და ლიმონათის ადგილობრივი ბაზარი და როგორიაქართული ლუდის კომპანიისმაჩვენებლები, გამოშვებული პროდუქციის რა მოცულობა იყიდება ადგილობრივ ბაზარზე?

ზოგადად ლუდის და ლიმონათის ბაზარი მზარდი ტენდენციებით არ ხასიათდება. ის უფრო მდგრადია. ბოლო რამდენიმე წელია ამ ბაზარზე მკვეთრი გადახრები არ ყოფილა და არც წლევანდელი წელი იყო ამ მხრივ გამორჩეული. ლუდის ბაზარი შესაძლოა 1-2%-ით კიდევაც შემცირდეს. ასევეა ლიმონათის ბაზარიც.

და ბაზრის შემცირების მიზეზი რა არის?

რამდენიმე მიზეზია. ლიმონათი და ლუდი არ არის პირველადი მოხმარების საგანი და შესაბამისად მასზე მოქმედებს დევალვაცია. ასეთ ფონზე მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა ეცემა და და ამ შეთხვევაში ინტერესი და აქცენტები უფრო პირველადი მოხმარების საგანზე გადადის. ლუდი, ლიმონათი და ასე შემდეგ, ყველაზე მეტად გრძნობენ მსყიდველუნარიანობის შემცირებას და დევალვაციას. ალბათ ბაზრის შემცირების მთავარ მიზეზად უფრო ამ ფაქტორებს დავასახელებდით.

რაც შეეხება ჩვენს პოზიციონირებას ბაზარზე, სს „ქართული ლუდის კომპანიის“ გაყიდვების წილი როგორც ლიმონათის ასევე ლუდის მიმართულებით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივ ბაზარზე კომპანიის წილიც გაიზარდა.

რაც შეეხება ექსპორტს, წელს ექსპორტის მხრივ საკმაოდ კარგი მაჩვენებლები გაქვს. კომპანიის მთლიან გაყიდვებზე ექსპორტის წილი საშუალოდ 10-12%-ია. თუმცა წინა, 2017 წელს ექსპორტის წილი 6%-ი იყო, წელს კი ეს მაჩვენებლები ზოგადად გაორმაგებულია.

2018 წელს სსქართული ლუდის კომპანიაახალ ბაზრებზე შევიდა, რა არის 2019 წლის გეგმა მინიმუმი, რომელ ბაზრებზე შესვლისთვის იღწვის კომპანია?

სს „ქართული ლუდის კომპანია“ სხვადასხვა ბაზრებზე შესასვლელად მართლაც, რომ ინტენსიურად მუშაობს. ამ ეტაპზე ძალიან საინტერესოა ჩვენი პოზიციონირება არაბული ქვეყნების მიმართულებით და ასევე შუა აზიის მიმართულებით. უფრო კონკრეტულად, საუბარი მაქვს ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებზე, რომლებიც შუა აზიაში არიან კონცენტრირებულნი. ასევე მნიშვნელოვანი მიმართულებებია უკრაინა და ბელორუსია.

2018 წელს კომპანიამ საკუთარ პორტფელიოს ახალი პროდუქტები დაამატა, რაც თავის მხრივ კომპანიის გაყიდვებს გაზრდიდა. როგორ აფასებთ კომპანიის გაყიდვების დინამიკას და იმისათვის, რომ ის უფრო აგრესიული გახდეს, რა ქმედითი ნაბიჯების გადადგმას გეგმავთ?

სს „ქართული ლუდის კომპანია“ ჩამოყალიბებულია ისეთ ბიზნესმოდელზე, რომ ყოველწლიურად ბაზარს ინოვაციური სიახლეები მიაწოდოს. 2018 წელს ამ მხრივ ბევრი სიახლე იყო და არც მომავალი წლისთვის ვაპირებთ ჩამორჩენას. 2018 წელს “არსი კოლას” მიმართულებით ახალი გემოები დავამატეთ, ლუდის სეგმენტში ბაზარზე ახალი ბრენდები გამოვიტანეთ, ასევე წვენების მიმართულებით იყო ბევრი სიახლე. 2019 წლიდან ვფიქრობთ, რომ ბაზარზე ჯანსაღი სასმელები ვცადოთ, საუბარია სხვადასხვა სახის არომატულ წყლებზე და სპორტულ სასმელებზე.

ჩვენი კომპანია ცდილობს, რომ ბაზარზე იმპორტირებული ადგილობრივი წარმოებით ჩაანაცვლოს და ამით ქვეყნის ეკონომიკაშიც საკუთარი წვლილი შეიტანოს. სიახლეები მალე კონკრეტულ პროექტებში იქნება გამოხატული.

ბაზარზე სპორტული მიმართულების სასმელების გამოტანაზე მინდა გკითხოთ, როდიდან იწყებს კომპანია მსგავსი მიმართულების სასმელების წარმოებას და როგორია ასეთი ტიპის პროდუქციაზე ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა და ზოგადად როგორია ამ სეგმენტში კონკურენცია?

ამ მხრივ საქართველოში ბაზარი ჯერ განვითარებული არ არის. თუმცა ვცდილობთ, რომ მსოფლიოში აპრობირებული ტენდენციები საქართველოშიც შემოვიტანოთ და დავაჩქაროთ როგორც პროდუქტების ასევე მოთხოვნის განვითარებაც. ამიტომ ეს იქნება უფრო ინოვაციური პროდუქტი.

უფრო მეტიც, ეს იქნება ამ ტიპის ბაზრის განვითარების მცდელობა. თავად პროდუქცია ძალიან საინტერესოა.  საქართველოში ბოლო პერიოდში ჯანსაღი ცხოვრების სტილი სულ უფრო და უფრო ტრენდული ხდება. იხსნება სპორტული დარბაზები და უფრო მეტად გადადიან ჯანსაღ კვებაზე. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ბაზარს მსგავსი სიახლე შევთავაზოთ.

მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკებები რომელიმე საერთაშორისო ბრენდის შემოყვანაზე და რა ტიპის სიახლეებს უნდა ველოდოთ 2019 წელს ახალი პროდუქტების გამოშვების მიმართულებით?

ინტერესი დიდია და ამაზე ინტენსიურად ვმუშაობთ. მოლაპარაკებების დასრულებამდე კონკრეტულ  პროექტებს ვერ დავაანონსებ. თუმცა გაგიმხელთ, რომ საუბარია ევროპული ბრენდების შემოყვანაზე.

როგორია დღეისათვის კომპანიის საინვესტიციო პორტფელი და რა მოცულობის ინვესტიციებს უნდა ველოდოთ 2019 წელს?

სს „ქართული ლუდის კომპანია“ ყოველწლიურად ახალ მიმართულებებს ანვითარებს და სწორედ ამ მიმართულებით ვდებთ ჩვენც ინვესტიციას. ვცდილობთ, რომ ფოკუსირება კონკრეტულ პროექტებზე გავაკეთოთ. 2019 წელს ინვესტიციები განხორციელებული იქნება ახალი მიმართულებების დანერგვისთვის  და ახალი ბრენდების შემოყვანისთვის. გვინდა დავიწყოთ და დავამუშაოთ პროექტი, რომელიც ლუდის ბაზარს განავითარებს. ამ დროისათვის ეს საკითხი დამუშავების პროცესშია და მეტი კონკრეტიკა ამ დროისათვის ჩემი მხრიდან ვერ იქნება.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები