სტეფანწმინდის სიონის ეკლესიის გამაგრებითი სამუშაოები დასრულდა
სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში, სიონის ეკლესიის კრიტიკული სეგმენტის გამაგრებითი სამუშაოები დასრულდა.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გადაუდებელი სარესტავრაციო პროცესის მსვლელობისას, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვისა და დაფინანსების საფუძველზე წარიმართა, მოეწყო მონოლითური რკინა-ბეტონის ხიმინჯი, დამონტაჟდა და დაიგრუნტა ეკლესიის საძირკვლის კუთხის საყრდენი პირამიდისებრი ლითონკონსტრუქცია. სარეაბილიტაციო სამუშაოებისას ტაძრის ტერიტორიის მეწყრულ ფერდობზე დამატებით მოეწყო მონოლითური რკინა-ბეტონის საძირკველი.
სტეფანწმინდის სიონის ეკლესიის გალავანი, გადაუღებელი წვიმის შედეგად, 2018 წლის 26 ოქტომბერს დაზიანდა. მნიშვნელოვანი სეგმენტის ჩამოშლის შედეგად ტაძრის ძირითად ნაწილს ჩამონგრევის რეალური საშიშროება შეექმნა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მყისიერი რეაგირების ფარგლებში მომზადებული საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე დაწყებული დროებითი გამაგრებითი სამუშაოები 1 თვის ინტერვალში დასრულდა. ფიზიკური სამუშაოები შპს „ჯიხამ“ შეასრულა.
სარესტავრაციო სამუშაოების მეორე ეტაპი 2019 წელს გაგრძელდება, რაც გალავნის ჩამოშლილი მონაკვეთის ქვის წყობის ავთენტური იერსახით აღდგენას ითვალისწინებს.