დავით დონდუამ საფრანგეთში შეხვედრები გამართა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებოდა. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახურის ინფორმაციით, დავით დონდუა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელს ჟაკ ოდიბერს, თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიულ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს ადმირალ დუ შეს და ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეს პატრიცია ადამსს შეხვდა.
“შეხვედრების ძირითადი თემა ნატოს 2014 წლის სამიტი და იქ საქართველოსთვის სასურველი გადაწყვეტილებების მიღება იყო. საუბარი, აგრეთვე, შეეხო უსაფრთხოების ვითარებას საქართველოსა და რეგიონში, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესაძლო გავლენას რეგიონის ქვეყნებზე, საქართველოში მიმდინარე რეფორმებს, ორმხრივ თანამშრომლობას სამხედრო სფეროში და სხვა, ორივე მხარისთვის საინტერესო საკითხებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრის დროს ფრანგულმა მხარემ მაღალი შეფასება მისცა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს, საქართველოს წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში და აღინიშნა, რომ ყველაფერი ეს სათანადოდ უნდა აისახოს სამიტის დოკუმენტებში. თავდაცვის სამინისტროში ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადეს იმ თანამშრომლობისთვის, რომელსაც ადგილი აქვს ქართველ და ფრანგ სამხედროებს შორის ავღანეთში და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ფრანგულმა მხარემ აღნიშნა, რომ ის მზადაა კიდევ უფრო გააფართოვოს სამხედრო სფეროში თანამშრომლობა. პარლამენტში შეხვედრისას აღინიშნა, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ვილნიუსის სესიაზე საფრანგეთის დელეგაცია მხარს დაუჭერს საქართველოს საკითხზე რეზოლუციას და გამოითქვა მზადყოფნა, მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოს დელეგაციასთან“,- აღნიშნულია პრესსამსახურის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები