ვენეციის კომისიის ექსპერტები სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრებს შეხვდნენ
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წარმომადგენლებთან ვენეციის კომისიის ექსპერტების შეხვედრა დასრულდა.
თბილისში მყოფი კომისიის წევრები საკონსტიტუციო კომისიის ხუთივე სამუშაო ჯგუფს შეხვდნენ. ამასთან ისინი კომისიის ხელმძღვანელს დავით უსუფაშვილაც შეხვდნენ.
“ჯერჯერობით კომისიების მუშაობა იმ დონეზე არ არის, რომ ჩვენ მათი სამუშაო შევაჯამოთ. ვიმსჯელეთ ბევრი საკითხის თაობაზე. ვისაუბრეთ იმ წინადადებებზე, რომელიც ვენეციის კომისიამ საქართველოს ადრე შესთავაზა. მრავალი ამ საკითხთაგანი ახლებური კუთხით დადგა და განხილვის თემად იქცა. მეორეს მხრივ ჩვენ არ ვართ ის ორგანიზაცია, რომელიც ეტყვის საქართველოს, თუ როგორ უნდა მოიქცეს. ქვეყანამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს თავისი ეროვნული ინტერესებისა და გამოცდილების საფუძველზე. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ შეგვიძლია ამის გაანალიზება”, – განუცხადა ჟურნალისტებს შეხვედრების დასრულების ბოლოს ვენეციის კომისიის მდივანმა ტომას მარკერტმა.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივნის, გიორგი კვერენჩხილაძის განცხადებით კი, ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობა კიდევ უფრო ინტენსიურ სახეს მიიღებს, როცა კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები პროექტად ჩამოყალიბდება და ნორმატიული დოკუმენტის სახეს მიიღებს.