ეროვნული არქივის კინოთეატრში ლანა ღოღობერიძის საიუბილეო საღამო გაიმართა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრმა ცნობილი ქართველი რეჟისორის, ლანა ღოღობერიძის 90 წლის საიუბილეო ღონისძიებას უმასპინძლა.
საიუბილეო საღამოს ესწრებოდნენ: იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბათიაშვილი და ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი.
საიუბილეო ღონისძიებაზე, 85 წლის შემდეგ პირველად, მოეწყო ლანა ღოღობერიძის დედის, ნუცა ღოღობერიძის ფილმის „უჟმურის“ ჩვენება. ფილმი ეკრანებზე ბოლოს 1934 წელს უჩვენეს, ამის შემდეგ საბჭოთა ცენზურამ იგი აკრძალა. სხვა მაყურებელთა მსგავსად, ლანა ღოღობერიძემაც პირველად იხილა „უჟმური“.
ფილმის ფირი 2018 წლის ნოემბერში საქართველოში რუსეთის ფილმსაცავ „გოსფილმოფონდიდან“ ჩამოიტანეს. მისი ციფრული ვერსია იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლობით, ეროვნული არქივის ახალშეძენილი 4k კინოსკანერზე დამზადდა.
ეროვნული არქივის კინოთეატრი წლეულს გაიხსნა. იგი იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით განახლდა. 140 მაყურებელზე გათვლილი მულტიფუნქციური, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი კინოდარბაზი საქართველოში ერთადერთი კინოთეატრია, სადაც ფილმის პროექცია კინოფირიდანაც არის შესაძლებელი;
განახლებულ კინოდარბაზში ციფრულ აპარატურასთან ერთად დამონტაჟდა პროექტორი, რომელიც კინოფირზე გადაღებული ფილმების მაქსიმალური ხარისხით ჩვენებას უზრუნველყოფს. თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო დარბაზის აუდიო და აკუსტიკური სისტემაც. კინოდარბაზი ეროვნული არქივის შენობაში 1970-იანი წლების ბოლოდან 1990-იანი წლების დასაწყისამდე მოქმედებდა. იმ პერიოდში მისი ძირითადი დანიშნულება თემატური კინოსეანსების გამართვა იყო. ტექნიკური პრობლემების გამო კინოდარბაზს ფუნქცია 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჰქონდა დაკარგული და დოკუმენტების საცავად იყენებდნენ. ლანა ღოღობერიძის საიუბილეო საღამოს ეროვნულ არქივში ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელი ზურაბ მაღალაშვილი, რეჟისორები, მსახიობები და კინოს სფეროს მოღვაწეები დაესწრნენ.