„ახალგაზრდა ადვოკატები“ მთავარი პროკურორისგან ს.ს. „ლაზიკა კაპიტალის“ საქმის პირად კონტროლზე აყვანას მოითხოვს

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები” საქართველოს მთავარ პროკურორს სპეციალური განცხადებით მიმართავს და ს.ს. „ლაზიკა კაპიტალის“ საქმის პირად კონტროლზე აყვანას მოითხოვს.

ორგანიზაცია საქართველოს პროკურატურის მხრიდან მიკერძოებულ სამართალწარმოების ფაქტებზე საუბრობს და ბიზნესის წინაშე ჩადენილი ფინანსური დანაშაულის გამოძიებას დაუყოვნებლივ მოითხოვს.

„ე.წ. ყალბი სესხების საქმეს, საქართველოს მთავარი პროკურატურა, სათანადო სამართლებრივი რეაგირების გარეშე ტოვებს, რაც სავარაუდო დამნაშავე პირების მიმართ, ხელის დაფარების შთაბეჭდილებას ტოვებს. ს.ს. „ლაზიკა კაპიტალის“ მენეჯმენტის ცნობით, სულ გაყალბებული იქნა 397 სესხი, რომელზედაც დღეს პასუხის არავინ აგებს, ხოლო კომპანია დაზარალებულადაც არ არის ცნობილი. კომპანიიდან სესხები გაიცემოდა იმ წესებისა და პროცედურების დაცვის გარეშე, რომელიც აღიარებულ და სახელმძღვანელო პრინციპებს წარმოადგენდა. სესხები გაიცემოდა საკრედიტო კომიტეტზე დამტკიცების გარეშე ან კომიტეტის წევრების მანიპულირებით, ხოლო მიმღები პირები, რიგით მოქალაქეებთან ერთად, პროკურატურისა და შსს-ს მაღალი თანამდებობის პირები და მათი ოჯახის წევრები იყო.

ორგანიზაციის კვლევამ აჩვენა, რომ ფინანსური დანაშაულის საქმეში 2013 წელს, ახალაღმოჩენილი და ახლად გამოვლენილი გარემოება გახდა 2008 წლის 26 დეკემბრის, 2009 წლის 1 ოქტომბრის, 2010 წლის 15 თებერვლის, 10 მარტის, 11 ივნისის, 3, 4 და 24 აგვისტოს სამსახურეობრივი ელექტრონული მიმოწერის შინაარსი, რაც კომპანიისთვის ტოვებდა გონივრული ვარაუდის საფუძველს, რომ იმჟამად ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარების მენეჯერი ფლობდა ინფორმაციას და ასევე, დაკავშირებული იყო კომპანიაში ჩადენილ ფინანსურ დანაშაულთან. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 18 მარტის განჩინებაში ვკითხულობთ: „სს ,,ლაზიკა კაპიტალის’’ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირების მოწმის სახით დაკითხვისას და სხვა მასალათა ერთობლიობით არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ სს ,,ლაზიკა კაპიტალის’’ სესხის ოფიცერს სოსო ზარქუას და სს ,, ლაზიკა კაპიტალის’’ ოპერაციების მენეჯერს ე. ც.-ს შორის 2008-2010 წლებში არსებობდა საბანკო-შიდა ქსელური დანაშაულებრივი მიმოწერები“.

ორგანიზაციის კვლევის გამოქვეყნებისა და მისი საჯარო პრეზენტაციის შემდეგ, მხარისთვის ცნობილი გახდა, რომ საქმე კვლავ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო-სვანეთის სამმართველოში დამისამართდა. საქმეს კვლავ იძიებს ლაშა ყოლბაია, ხოლო ზედამხედველი პროკურორი კვლავ მირანდა წერეთელია. იქედან გამომდინარე, რომ ბატონი ლაშა ყოლბაია და ქალბატონი მირანდა წერეთელი, ერთხელ უკვე მონაწილეობდნენ აღნიშნული საქმის საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების პროცესში, მხარეს გააჩნდა მათ მიმართ დასაბუთებული სამართლებრივი პრეტენზიები საქმის მიკერძოებით წარმართვასთან დაკავშირებით, ამ დასაბუთებების საფუძველზე, საქმე გადაეგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურას, დღეს საქმის ხელმეორედ დაბრუნება ტერიტორიულ ორგანოში და მასზე კვლავ იმავე გამომძიებლისა და ზემდგომი პროკურორის დანიშნვა, მნიშვნელოვნად არღვევს საქმეზე სანდო საგამოძიებო მოქმედებების წარმართვისა და მიუმხრობელი გამოძიების პრინციპებს. შესაბამისად, არაერთი მიმართვის შედეგად, არ ხდება საქმის საქართველოს პროკურატურაში დაბრუნება.

ორგანიზაციამ 2018 წლის ნოემბერში, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მხრიდან ს.ს. „ლაზიკა კაპიტალის“ საქმეზე, კვლავ საინფორმაციო ხასიათის პასუხი და სტანდარტული გამოხმაურება მიიღო. კერძოდ, „მოცემულ საქმეზე ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებები არ არის საკმარისი საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისთვის. ზედამხედველი პროკურორის მიერ გამოძიებისათვის მიცემულია შესასრულებლად სავალდებულო წერილობითი მითითება საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ, საქმეზე მიღებულ იქნება კანონშესაბამისი გადაწყვეტილება“ (სტილი დაცულია). აღნიშნული მსჯელობა არც ორგანიზაციისთვის და არც ს.ს. „ლაზიკა კაპიტალის“ მესვეურთა მიმართ ახალი არ არის, თუმცა სინამდვილეში, უნდა აღინიშნოს, რომ გამოძიებას, დანაშაულის ჩადენაში გამოკვეთილი პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის, ყველანაირი მტკიცებულება გააჩნია, მზად არის შემაჯამებელი გადაწყვეტილებისთვის, თუმცა შეგნებულად არ ჩქარობს.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ან/და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისს მხრიდან, არ არსებობს დამაჯერებელი ერთი არგუმენტი, თუ რატომ ფერხდება პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება, ვინ მოქმედებს ბიზნესის წინააღმდეგ და მფარველობენ თუ არა საჯარო მოხელეები კომპანიის მიმართ ჩადენილ დანაშაულთან შესაძლო დაკავშირებულ პირებს“,- აცხადებენ ორგანიზაციაში.

ცნობისთვის, ორგანიზაციამ სს „ლაზიკა კაპიტალის“ საქმეზე კვლევა 2017 წლის ივნისში გამოაქვეყნა. კვლევა მიწოდებულ იქნა აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების მიმართ, რომელმაც საქმიან წრეებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შორის, რეზონანსი გამოიწვია. შედეგები მიეწოდათ საქართველოში დიპლომატიურ კორპუსს, ეროვნულ დონეზე მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებს და ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ისეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციებს, როგორიცაა The National Democratic Institute, International Republican Institute, humanrightshouse, FIDH, NHC, HRHF, OMCT და Amnesty International.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები